ფორმულა 1-ის გუნდმა „ალფატაურიმ“ გამოაცხადა, რომ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის წარდგენას ნიუ იორკში, 11 თებერვალს ჩაატარებს. ამ განცხადებას გუნდმა ვიზუალური გამოსახულებაც მოაყოლა, რომელზეც საბურველის ქვეშ მყოფი ავტომობილი, ბრუკლინის ხიდზე დგას.
თუმცა წარდგენისას გუნდი მხოლოდ ფორმას გვიჩვენებს, რომელშიც ავტომობილი მომავალ სეზონს გაატარებს. თავად ავტომობილი, შასის ნომრით AT04, პირველად ბაჰრეინის ტესტებზე გამოჩნდება, რომელიც 23 თებერვალს უნდა დაიწყოს.
„ალფატაურიმ“ გასული სეზონი წარუმატებლად ჩაატარა - კონსტრუქტორთა ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა. გუნდი დატოვა ფრანგმა პიერ გასლიმ, ვინც „ალპინში“ გადავიდა. მის ადგილს კი ჰოლანდიელი ნიკ დე ფრისი დაიკავებს, ვინც იაპონელი იუკი ცუნოდას თანაგუნდელი იქნება. აღსანიშნავია, რომ დე ფრისი 2006 წლის შემდეგ „ალფატაურის“ (იგივე ტორო როსოს) პირველი პილოტია, ვისაც „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამა არ აქვს გავლილი.