,,კავკასიამ" ,,ოლიმპი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ლიდერ ,,კაკტუსს" გაუთანაბრდა.
მიმდინარე ტურის მთავარი დაპირისპირება ოლიმპი-კავკასია გახლდათ. ეს გუნდები “კაკტუსთან” ერთად მიმდინარე სეზონში ყველაზე წარმატებულად ასპარეზობენ. ამ მატჩამდე კავკასია ერთი მარცხით სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ოლიმპმა კი ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩი მოიგო და, რა თქმა უნდა, წარმატებული სერიის გაგრძელებას და ლიდერებში ანაცვლებას გეგმავდა. თანაბარ, უშეღავათო და უკომპრომისო მატჩში კავკასიამ 75:74 გაიმარჯვა და 1 დღით გაპირველებულ კაკტუსს კვლავ გაუთანაბრდა.
დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპმა სუპერლიგაში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ბექა წივწივაძის გუნდმა კიდევ ერთი რთული გამოცდა ჩააბარა და სუპერლიგის ლიდერობას კაკტუსთან ერთად განაგრძობს.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ნახევარში უმეტესად კავკასიელები ლიდერობდნენ, რომლებიც ქულებს როგორც პერიმეტრიდან, ისე სამწამიანი ზონიდან იხვეჭდნენ. ამ მხრივ გამოირჩეოდა ეროვნული ნაკრების წევრი ილია ლონდარიძე და კანდიდატი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი.
ბოლო პერიოდში უმეტესად ოლიმპი იყო წინ, კავკასია კი მდევრის როლში გახლდათ და გადამწყვეტი ქულები ბოლო წუთებზე მოიპოვა. თავი ისევ კავკასიელთა ამერიკულმა წყვილმა გამოიჩინა. ბოლო წუთზე 3 ქულით ჩამორჩენილმა კავკასიელებმა ჩამორჩენა ფორესტის საჯარიმოებით მინიმუმამდე შეამცირეს, ხოლო დაცვაში ფორესტის ხელმარჯვეობით ბურთი ჩაჭრეს და მაკნილმა ინდივიდუალური გარღვევით კავკასია ქულით დააწინაურა.
ოლიმპს თამაშის გადასარჩენად 20 წამი ჰქონდა, კავკასიას კი მხოლოდ 2 გუნდური ჯარიმა. ტაქტიკურად გამართული ჯარიმებით კავკასიელებმა ოლიმპელთა შეტევები ჩაშალეს, რის შემდეგაც გადამწყვეტი შეტევა, საფინალო სირენასთან ერთად ოლიმპელებს გაუცუდდათ. გამარჯვებულ კავკასიელებს 15 ქულით ლონდარიძემ ულიდერა, საერთო სარგებლიანობით კი აიზია ელისი გამოირჩა – 13 ქულა, 9 მოხსნა. მაკნილის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა, ლევან ქვარცხავამ კავკასიელებს 10 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. ოლიმპში 18 ქულითა და 8 მოხსნით ლინტონ ესლაისი გამოირჩა. 15 ქულა გიორგი ტურძილაძემ, ხოლო 14 – ლუკა ლიკლიკაძემ მიითვალეს.
ტურის ბოლო მატჩში თსუ ტიტებს დაუპირისპირდება.
GBF.GE