ფეხბურთი

2:05 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: კვარაცხელია გიჟივით მუშაობს ფორმაში სწრაფად დასაბრუნებლად

ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას ფორმაში შესვლის პროცესსა და გეგმაზე წერს. როგორც აღნიშნული გაზეთი იტყობინება, კვარა ყველაფერს აკეთებს და გიჟურად მუშაობს იმისთვის, რომ კარგ ფორმაში, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს.

„კვარა ცდილობს ფორმაში დაბრუნებას ზურგის პრობლემების შემდეგ, რომელიც „ლივერპულთან“ მატჩში მიიღო. „ნაპოლის“ გეგმა ძალიან მკაფიოა - 4 იანვრამდე რომ ის საუკეთესო კონდიციაში იყოს. 12 დღე შეიძლება მართლაც საკმარისი იყოს, რომ „სან სიროზე“ მან გაიბრწყინოს. გუნდს მისი არაპროგნოზირებადი მოქმედებები და გენიალურობა ძალიან აკლია, რაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა კარგ მდგომარეობაშია. სანერვიულო არაფერია, ტრავმის შემდეგ მისი ამჟამინდელი კონდიციები ნორმალურია.

კვარა გიჟივით მუშაობს იმისთვის, რომ სწრაფად შევიდეს ფორმაში. „ლივერპულთან“ „ენფილდზე“ მატჩის შემდეგ ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებდა და სერია A-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა „ატალანტასთან“, „ემპოლისა“ და „უდინეზესთან“ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე. დაახლოებით 20 დღის განმავლობაში ის მხოლოდ თერაპიებით იფარგლებოდა და მერე, როცა ზურგის ტკივილი გაქრა, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. ვნახეთ, რომ ფეხები დამძიმებულია, მისთვის შეუფერებელი წარმოუდგენელი შეცდომები ჰქონდა, დრიბლინგები და დარტყმებიც მინიმუმამდე შემცირდა. მან და ყველამ იცის, რომ ამ ფაზაში მსგავსი ტანჯვა ნორმალურია, მაგრამ დღეიდან „ინტერთან“ მატჩამდე 12 დღეა, რომ ფორმაში შევიდეს და „სან სიროზე“ სულ სხვა ამბავი ვნახოთ ამხანაგურ მატჩებთან შედარებით“, - წერს Corriere Dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მიმდინარე სეზონს 4 იანვარს, სტუმრად მილანის „ინტერთან“ მატჩით განაახლებს.

0.10602