La Repubblica-ს ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ „ნაპოლის“ ამხანაგური მატჩები შეაფასა და ლუჩანო სპალეტის ექსპერიმენტების შეწყვეტა ურჩია. როგორც მან თქვა, „ნაპოლიში“ შესაცვლელი არაფერია და ამხანაგურ მატჩებში სპალეტიმ დრო დაკარგა.
გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთვის“ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მიიჩნევს, რომ ქართველი ფეხბურთელი უკვე კარგა ხანია ფორმაში არ არის.
„ამხანაგურ მატჩებში უსარგებლო ექსპერიმენტები და დროის ფლანგვა დავინახე. იმედი მაქვს, რომ სპალეტი გააცნობიერებს იმ დიდ შესაძლებლობას, რომელიც მას, „ნაპოლის“, დე ლაურენტისს, ჯუნტოლის და გულშემატკივრებს აქვთ სკუდეტოს მოგებასთან დაკავშირებით.
გუნდი პირველ ადგილზეა, მხოლოდ მას შეუძლია სკუდეტოს დაკარგვა ამ სეზონში. პირველ წრეში გუნდი ომის მანქანა იყო და ამიტომ, არაფერს შევცვლიდი, მხოლოდ მის გაუმჯობესებას ვეცდებოდი. სპალეტი სეზონის პირველ ნაწილში უნაკლო იყო, მაგრამ ასე უნდა იყოს სეზონის მეორე ნახევარშიც.
სტანისლავ ლობოტკა ფენომენალურია სამკაციან ნახევარდაცვაში, მაგრამ ორკაციან ნახევარდაცვაში უსარგებლოა. ხვიჩა კვარაცხელიაც ამ „ნაპოლისთვის“ პრობლემაა, რადგან მან სცენა დიდი ხნის წინ დატოვა. „ვილიარეალთან“ მატჩის საღამოს ვნახეთ, რომ ჯერ არც გამოჯანმრთელებულია და არც მზადაა“, - თქვა კორბომ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ში უახლოეს მდევარ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს, 4 იანვარს კი სტუმრად „ინტერს“ შეხვდება, რომელთანაც 11-ქულიანი უპირატესობა გააჩნია.