„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჩავის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელის მუშაობით ძალიან კმაყოფილია. გარდა ამისა, ლაპორტამ ლიონელ მესის დაბრუნების სურვილიც გამოხატა.
„ჩავის პროექტი მხოლოდ წელს დაიწყო, როცა შევძელით იმ ფეხბურთელების ყიდვა, რომლებიც მას სჭირდებოდა. ვიცი, რომ მას ასევე დიდი რწმენა აქვს ჩვენი აკადემიის მიმართ, სადაც პერსპექტიული მოთამაშეები გვყავს. ჩავის პირველმა წელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იცის, როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა და იცის როგორ მოიქცეს ფეხბურთელებთან. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მწვრთნელი გვყავს.
როგორც „ბარსას“ პრეზიდენტი, ვისურვებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ლეო კლუბში დაბრუნდეს, მაგრამ დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, მას პსჟ-სთან კონტრაქტი აკავშირებს. თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება. გვიხარია, რომ მან მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ეს დაიმსახურა. დარწმუნებული ვართ, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“, - თქვა ლაპორტამ.