შვეიცარიელი სამთო მოთხილამურე, ოლიმპიური ჩემპიონი დაშვებაში, ბიტ ფოიცი მალე კარიერას დაასრულებს. მისი გადაწყვეტილებით, მსოფლიო თასის ბოლო რბოლაში მონაწილეობას იანვარში მიიღებს.
16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო თასზე ფოიცის დებიუტი შედგა. ბოლო რბოლა კი (დაშვება), რომელშიც იასპარეზებს, 21 იანვარს, ავსტრიის კიცბუელში ჩატარდება.
35 წლის ფოიცმა ოლიმპიური ოქროს მედალი პეკინის ოლიმპიადაზე, თებერვალში მოიპოვა, ოთხი წლით ადრე კი, პიონჩანის (სამხრეთ კორეა) ოლიმპიადაზე, დაშვებაში ბრინჯაოს, სუპერ-გიგანტში კი ვერცხლს დასჯერდა.
„ზღვარზე რბოლა და რისკი, წლების განმავლობაში ჩემი სათხილამურო სტიქია იყო. ხშირად, წარმატებამდე ჩემს ემოციებს მივყავდი. ახლა კი ჩემი გრძნობა მეუბნება, რომ ფიზიკურ ლიმიტს მივაღწიე. ამიერიდან, ჩემ ოჯახს მეტ დროს დავუთმობ. მექნება ახალი გამოწვევები“, - ამბობს ფოიცი, ვისაც მსოფლიო თასზე 16 მოგება აქვს და 59 რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა.