იტალიური „ნაპოლისა“ და ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის ახალ კონტრაქტზე შეხვედრა წლის დასაწყისში შედგება.
იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრა იანვრის დასაწყისში დაიგეგმა, რომელსაც „ნაპოლის“ მენეჯერების გარდა, მამუკა ჯუღელი და კრისტიან ძაკარდო დაესწრებიან.
„ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი (მამუკა ჯუღელი) იტალიაში დეკემბრის ბოლოს გაემგზავრება. ის „სან სიროზე“ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩს დაესწრება. იანვრის დასაწყისში მოსალოდნელია შეხვედრა „ნაპოლისთან“ და შუამავალ კრისტიან ძაკარდოსთან, რათა კონტრაქტის განახლება და ხელფასის გაზრდა განიხილონ“, - წერს იტალიელი ჟურნალისტი.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 17 მატჩი 8 გოლით, 8 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა თავი. ამიტომაცაა, რომ „ნაპოლი“ კონტრაქტის განახლებისა და ხელფასის გაზრდით უკვე დაინტერესებულია, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ძალაში 2027 წლის ზაფხულამდეა.