ფეხბურთი

11:34 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დემბელეს უღირსობის 40 წუთი

არგენტინის ნაკრებთან ფინალური მატჩის დროს უსმან დემბელემ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რის გამოც ის დიდიე დეშამმა მოედნიდან პირველი ტაიმში გაიყვანა. შემტევის თამაშით უკმაყოფილო დარჩა ფრანგული მედიაც.



დიდიე დეშამმა მარჯვენა ფლანგზე ,,ბარსელონური" წყვილი, ჟიულ კუნდე და უსმან დემბელე გაამწესა, რაც აშკარად არ გამოდგა სწორი გადაწყვეტილება. ანხელ დი მარიამ ფრანგი მარჯვენაფლანგელები აიკლო, კუნდე პოზიციას ხშირად კარგავდა, დაზღვევაზე ჩამოსული დემბელე კი მუდმივად ტყუვდებოდა. შესვენებაზე დეშამს ,,ბარსელონას" შემტევის გაყვანა და გამოუცდელი რანდალ კოლო მუანის შემოყვანა დასჭირდა, რადგან დემბელეს თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. თერთმეტმეტრიანიც სწორედ მისი ცუდი თამაშის შედეგად დაინიშნა. ამ ყველაფერმა კი ფრანგული პრესა ძალიან გააღიზიანა.

L'Equipe წერდა, რომ ეს იყო დემბელეს უღირსობის 40 წუთი. დაცვაში ჩამოსვლას ყოველთვის აგვიანებდა, პენალტიც მის მიერ დი მარიას წაქცევის გამო დაინიშნა. გარდა ამისა, მისი ყველა მცდელობა, მეტოქეს გასცდენოდა, ბურთის დაკარგვით სრულდებოდა.

RMC Sport-ის განცხადებით, დემბელე თავის თავის აჩრდილი იყო მხოლოდ. ბურთის მიღებისას ნერვიულობდა და ლოგიკურიც იყო, რომ ის კოლო მუანიმ შეცვალა. იგი მხოლოდ 17-ჯერ შეეხო ბურთს და აქედან 7-ჯერ დაკარგა ის. 5 მცდელობიდან არცერთი ორთაბრძოლა არ მოუგია და პენალტიც გამოუმუშავა მეტოქეს. ეს იყო ღამე, რომელიც მსოფლიოსთვის ამოუცნობმა ფეხბურთელმა უნდა დაივიწყოს.

საბოლოოდ, მის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა კოლო მუანიმ თამაში კიდევ უფრო მეტად გაამწვავა, პენალტიც გამოიმუშავა და დამატებული დროის ბოლო წამზე საოცარი მომენტიც შეექმნა, თუმცა ალბათ, გამოცდილება დააკლდა. რაც შეეხება დემბელეს, მისი ხასიათი თამაშზე ძალიან ხშირად აისახება და ამ პრობლემაზე ფრანგს აშკარად სამუშაო აქვს.

0.112653