„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ვილიარეალთან“ მატჩის (2:3) შესახებ ნეაპოლის რადიოსთან ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
იტალიელმა სპეციალისტმა 8 ფეხბურთელი შეცვალა, მაგრამ კვარაცხელია 90 წუთი ათამაშა და სწორედ ეს გადაწყვეტილება განმარტა. როგორც მან თქვა, ხვიჩას ფორმაში შესასვლელად სათამაშო დრო სჭირდება.
„მან თამაში არცთუ ისე კარგად დაიწყო, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მოუმატა. ის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ საუკეთესო კონდიციაში, რადგან განსხვავებას ქმნის. ამიტომ დავტოვე მოედანზე 90 წუთის განმავლობაში და მეორე ტაიმში უკეთესად ითამაშა. ზოგჯერ უბურთოდ გუნდურ თამაშში უფრო მეტად უნდა მონაწილეობდეს, ლიდერია და თავისი თავი უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს“, - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს მომდევნო ტურში 4 იანვარს, მილანის „ინტერს“ სტუმრად შეხვდება, თუმცა მანამდე 21 დეკემბერს, ფრანგულ „ლილთან“ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.