„ნაპოლიმ“ „ვილიარეალთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 2:3 დამარცხდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტით გოლი გაიტანა. სწორედ მის მიერ შესრულებულ თერთმეტმეტრიანს გამოეხმაურა ნეაპოლური მედია. წერილში აღნიშნულია, რომ კვარა „ნაპოლიში“ პენალტის საუკეთესო შემსრულებელია.
„პირველი ტაიმის შემდეგ კვარაცხელიამ მოუმატა. პენალტი გაიტანა, რომელიც ძალიან კარგად დაარტყა. ქართველმა დარტყმის წინ მეკარეს შეხედა. ეს არის თვისება, რომელიც მხოლოდ პენალტის ნამდვილ შემსრულებლებს აქვთ. კვარაცხელიამ ყველას „მესიჯი“ გაუგზავნა, სპალეტიდან დაწყებული, პოლიტანოთი დამთავრებული, რომ პენალტების დარტყმაში საუკეთესოა, ყოველ შემთხვევაში, რაც ვნახეთ იმის მიხედვით“, - წერს Area Napoli.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 3 პენალტი შეასრულა და სამივე გაიტანა. ამხანაგურ მატჩებში „ესპანიოლსა“ და „ვილიარეალთან“, ხოლო ოფიციალურ მატჩში ამსტერდამის „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე.
„ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 21 დეკემბერს, ფრანგულ „ლილთან“ გამართავს, სერია A-ში კი 4 იანვარს, მილანის „ინტერს“ სტუმრად დაუპირისპირდება.