მაროკოს ნაკრებმა ისტორია უკვე დაწერა, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ლიონელ მესის არგენტინას კილიან მბაპეს საფრანგეთთან დუელი მოუწევს.
მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში მაროკოს ნაკრებს კლასით აჯობა და დამაჯერებლად, 2:0 მოიგო. ფრანგებისთვის ძალიან მარტივი თამაში არ ყოფილა, მაგრამ კლასში სხვაობა იგრძნობოდა და ისიც, რომ მაროკოს ნაკრებისთვის ნახევარფინალში გასვლა რესურსითაც მაქსიმუმი იყო და ემოციურ დონეზეც - ვალიდ რეგრაგის გუნდმა, რომელსაც საკადრო პრობლემებიც ჰქონდა, მეტი ვეღარ შეძლო.
ანგარიში მალევე, მეხუთე წუთზე გაიხსნა, როცა ტეო ერნანდესმა ახლო მანძილიდან გაიტანა და ანგარიში გახსნა. მაროკო სწრაფი გოლის გაშვების მიუხედავად, არ დანებდა და პირველივე ტაიმში შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ელ-იამიქის მაკრატელა უგო ლორისმა და ძელმა ერთობლივად მოიგერიეს.
მეორე ტაიმის აფრიკელებმა აქტიურობით დაიწყეს და რამდენიმე მწვავე შეტევა ჰქონდათ, თუმცა, გოლის გატანა ვერ მოახერხა. 79-ე წუთზე კი დიდიე დეშამმა თამაშში კოლო მუანი ჩართო და ამ ნაბიჯმა გაამართლა: 44 წამში „აინტრახტის“ შემტევმა გაიტანა და თამაშის წერტილი დაუსვა.
ამრიგად, საფრანგეთის ნაკრები ზედიზედ მეორედ ფინალშია და ტიტულის დაცვასთან ერთ ნაბიჯშია. „მამლებისთვის“ ეს ისტორიაში მეოთხე ფინალი იქნება, მეტოქე კი არგენტინაა. საფრანგეთს წინა სამი ფინალიდან ორი მოგებული აქვს და ერთხელ წააგო, ხოლო არგენტინამ ფინალში ორჯერ იმარჯვა და სამჯერ დამარცხდა. ფაქტია, რომ წინ ძალიან საინტერესო თამაში გველოდება.
მაროკოს ნაკრები მხოლოდ ქებას იმსახურებს, მისთვის ნახევარფინალიც უკვე დიდებული შედეგია და მესამე ადგილის შანსი ექნება, სადაც 17 დეკემბერს, ხორვატიის ნაკრებს გაეჯიბრება. იმ ხორვატიას, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე, პირველივე ტურში შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (0:0). ახლა ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება, რადგან მესამე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე მაროკოსთვისაც და ხორვატიისთვისაც მართლაც დიდებული შედეგი იქნება.
საფრანგეთი - მაროკო 2:0 (1:0)
ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი; კუნდე, ვარანი, კონატე, ტ. ერნანდესი; ჩუამენი, ფოფანა; დემბელე (კოლო მუანი 79), გრიზმანი, მბაპე; ჟირუ (ტურამი 68)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
მაროკო (3-4-3): ბონო; დარი, საისი (ამალაჰი 21, ეზ აბდე 78), ელ იამიქი; ჰაკიმი, უნაჰი, ამრაბატი, მაზრაუი (ატიატ-ალა 46); ზიეში, ენ-ნესირი (ჰამდალა 66), ბუფალი (აბუხლალი 66)
მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგი
გოლები: 1:0 ტ. ერნანდესი (5), 2:0 კოლო მუანი (79)
გაფრთხილება: ბუფალი (27)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (2) – 13 (2) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: სესარ არტურო რამოსი (მექსიკა)