ფეხბურთი

20:45 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის მიზანი ტიტულის დასაცავად ნაბიჯის გადადგმაა, მაროკოს - ისტორიის კიდევ ერთხელ დაწერა

მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალში საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან და მეორე ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.

საფრანგეთი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და ტურნირის მთავარი ფავორიტია, მაგრამ მაროკომ დაამტკიცა, რომ აუტსაიდერი არავისთანაა. ვალიდ რეგრაგის გუნდი ტურნირის მთავარი აღმოჩენაა, რომელმაც აფრიკული ფეხბურთის ისტორია დაწერა - მაროკო ხომ პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, რომელიც მუნდიალის ნახევარფინალშია.

თანაც, ეს „ატლასის ლომებმა“ ძალიან რთული გზის გავლით გააკეთეს. ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს ბელგიის, ხორვატიისა და კანადის კონკურენციაში, მერე მერვედფინალში ესპანეთი და მეოთხედფინალში პორტუგალია დაამარცხეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნახევარფინალისტთა შორის ყველაზე რთული გზა სწორედ მაროკოს ნაკრებმა განვლო, რომელსაც ახლა დასაკარგი არაფერი აქვს, რადგან უკვე ყველა აალაპარაკა და ახლა ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაში შეუძლია.

საფრანგეთის ნაკრებს კი ტურნირის წინ სხვა ამბიციები ჰქონდა და დადებით შედეგად მხოლოდ ჩემპიონობა შეფასდება. ამდენად, წნეხი უფრო დიდია. თუმცა, „მამლებს“ კარგი შანსი აქვთ ზედიზედ მეორედ მოიგონ მუნდიალი, რაც ცხადია, დიდი სტიმულია. დიდიე დეშამის გუნდი ინგლისთან მაინც და მაინც დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გუნდის რესურსი ამოუწურავია. საფრანგეთისთვის დამაფიქრებელი მხოლოდ ის თუ იქნება, რომ მიმდინარე მუნდიალზე ყველა მატჩში გაუშვა გოლი, მაროკომ კი პირიქით, ერთადერთი გოლი გაუშვა, ისიც ავტოგოლით და 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

მაროკოს ნაკრებს ვალიდ ჩედირა დააკლდება, რომელიც პორტუგალიასთან გააძევეს, მაგრამ ასევე საეჭვოა ნუსაირ მაზრაუის, ჰაკიმ ზიეშის, რომან საისისა და ნაიეფ აგერდის თამაში - ყველას ტრავმა აწუხებს. მაზრაუიმ და აგერდმა ვერც პორტუგალიასთან ითამაშეს, ხოლო საისი იმავე შეხვედრაში შეცვალეს.

საფრანგეთის ნაკრებს კარიმ ბენზემასა და ლუკას ერნანდესის არყოფნას თუ არ ჩავთვლით, რომელთაც მუნდიალი მთლიანად გაუცდათ, საკადრო პრობლემები არ აქვს.

სტატისტიკა

საფრანგეთი მუნდიალზე მე-16-ედ თამაშობს და ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ფინალი წააგო და ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ფრანგები ჯგუფში 6-ჯერ ჩარჩნენ, მათ შორის 2002 და 2010 წლებში.

კილიან მბაპეს მსოფლიოს ჩემპიონატზე 9 გოლი აქვს გატანილი (2018 წელს -4 , 2022 წელს - 5) და 23 წლის ასაკში მსგავსი შედეგიანობით მუნდიალზე არავის უთამაშია.

საფრანგეთის ნაკრები დაუმარცხებელია 14 მატჩში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც კილიან მბაპე ძირითად შემადგენლობაში იყო (11 მოგება, 3 ფრე).

მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და შესაბამისად, შანსი აქვს ასევე პირველი გახდეს, რომელიც ფინალში ითამაშებს.

მაროკოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მეექვსე გამოჩენაა და ჯგუფიდან მეორედ გავიდა.

მაროკო აგრეთვე პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა მოახერხა - 1986 წელს.

მაროკომ სულ 21 მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე, საიდანაც 5 მოიგო, შვიდჯერ ფრე ითამაშა და ცხრა წააგო. მაროკოს ნაკრებმა ოთხიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვა ევროპულ მეტოქეებთან - პორტუგალიასთან (ორჯერ), შოტლანდიასა და ბელგიასთან. მაროკომ მიმდინარე მუნდიალზე უკვე იმაზე მეტი თამაში მოიგო (3), ვიდრე მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე მთლიანობაში ჰქონდა მოგებული (16 მატჩიდან 2).

მაროკომ მიმდინარე მუნდიალზე 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა, რაც ერთ მუნდიალზე აფრიკული ნაკრებებისთვის საუკეთესო შედეგია. მთლიანობაში აფრიკელებიდან ყველაზე მეტი მშრალი თამაში მუნდიალზე ნიგერიასთან ერთად სწორედ მაროკოს აქვს (7-7).

საფრანგეთი მუნდიალზე აფრიკულ ქვეყანას ექვსჯერ შეხვედრია და გამარჯვებას და წაგებას უნაცვლებდა. დიდიე დეშამის გუნდმა მიმდინარე მუნდიალის ჯგუფში ტუნისთან 0:1 წააგო და აქამდე არცერთ გუნდს არ წაუგია ორ სხვადასხვა აფრიკულ ნაკრებთან ერთად მუნდიალზე.

საფრანგეთი მუნდიალის ნახევარფინალში მეშვიდედაა და 1958, 1982 და 1986 წლებში დამარცხდა, მაგრამ ბოლო სამი ნახევარფინალი მოიგო - 1998, 2006 და 2018 წლებში.

მაროკო მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელია (3 მოგება, 3 ფრე), რაც აფრიკული ქვეყნებისთვის საუკეთესო სერიაა.

მაროკომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა ამ ტურნირზე (ისიც ავტოგოლი) და ბოლო ორი გუნდი, რომელმაც ერთ მუნდიალზე კარი მშრალად 5 მატჩში შეინახა, ჩემპიონიც გახდა (იტალია 2006 და ესპანეთი 2010).

დიდიე დეშამს მუნდიალზე 17 თამაშიდან 13 აქვს მოგებული (2 ფრე, 2 წაგება) და თუ მაროკოსთან მოიგებს, ლუიშ ფელიპე სკოლარის გაუთანაბრდება 14 მოგებით, წინ მხოლოდ ჰელმუტ შონი იქნება 16 მოგებით.

საფრანგეთს შანსი აქვს პირველი მოქმედი ჩემპიონი გახდეს 1998 წლისა და ბრაზილიის შემდეგ, რომელიც ფინალში გავა. ბოლო ევროპული ქვეყანა, რომელიც ჩემპიონის რანგში ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში, იტალიაა (1938 წელს).

საფრანგეთი და მაროკო ერთმანეთს 11-ჯერ შეხვედრიან, თუმცა, არცერთხელ ოფიციალურ მატჩში. ევროპელებს დიდი უპირატესობა აქვთ - 7 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება. მაროკომ ერთადერთი თამაში 1963 წელს მოიგო, სხვათა შორის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება. ბოლოს ისინი ერთმანეთს 2007 წელს შეხვდნენ და ფრე, 2:2 დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

14 დეკემბერი, 23:00 საათი

ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი; კუნდე, ვარანი, უპამეკანო, ტ. ერნანდესი; ჩუამენი, რაბიო; დემბელე, გრიზმანი, მბაპე; ჟირუ

მაროკო (4-3-3): ბონო; ჰაკიმი, ელ იამიქი, აგერდი, მაზრაუი; უნაჰი, ამრაბატი, ამალაჰი; ზიეში, ენ-ნესირი, ბუფალი

0.133899