ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა სოციალურ ქსელში როდრიგოსთან, მარკინიოსსა და ტიაგო სილვასთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა.
მესიჯებში ჩანს, რომ ნეიმარი თანაგუნდელებს ხორვატიასთან წაგების შემდეგ ამშვიდებს და მხარდაჭერას უცხადებს.
„იმის სათქმელად გწერ, რომ გითხრა - ძლიერი ხარ. პენალტებს ისინი აცუდებენ, ვისაც დარტყმის გამბედაობა აქვთ. მეც გამიფუჭებია ბევრი პენალტი და თითოეულისგან ვისწავლე, მაგრამ არასდროს დავნებდი. მადლობა მინდა გადაგიხადო, არა იმისთვის, როგორც თამაშობ, არამედ, იმისთვის, თუ რამდენად კარგი ბიჭი ხარ. მერე პენალტების დარტყმასაც გასწავლი“, - ხუმრობით ასრულებს როდრიგოსთან მესიჯს.
ნეიმარმა მარკინიოსსაც მისწერა, რომელმაც ასევე ვერ გაიტანა პენალტი, რათა თანაგუნდელი ენუგეშებინა:
„პენალტი ვერ შეცვლის შენს შესახებ ჩემს შეხედულებას. არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენს შორის რაიმე დაბრკოლება იარსებებდა, მიყვარხარ“.
ნეიმარმა ასევე მისწერა ტიაგო სილვას: „უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება“. ტიაგო სილვამ კი უპასუხა: „იმაზე უარესად ვარ, ვიდრე წარმოგიდგენია და მინდა ვიტირო, როცა ამაზე ვფიქრობ. მიჭირს შეგუება, რომ წავაგეთ“.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.