დღეს ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლუის დე ლა ფუენტე ოფიციალურად წარადგინეს. ესპანელი მწვრთნელი გუნდს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს და მან მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა:
,,მე ლუის ენრიკეს ვესაუბრე და მასთან იდეები გავცვალე. მე მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ახლა ახალი ეტაპი იწყება. ჩვენ გვაქვს იდეა ჩამოყალიბებული და კარი არცერთი ფეხბურთელისთვის არ დაგვიხურავს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი წამი დამჭირდა, რომ ამ თანამდებობაზე ,,დიახ" მეთქვა."
,,ჩვენ ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, გავამდიდროთ და ნიუანსები დავამატოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი მოქმედებები დავინახეთ და ჩვენ მათი ადაპტირება უნდა მოვახდინოთ."
,,პრიმერა დივიზიონში თამაშისას ფეხბურთის შესახებ ბევრი რამ ვნახე, ბევრიც გამოვცადე და უკვე ათი წელია, რაც ფედერაციაში ვარ. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 18 ფეხბურთელთან მიმუშავია. თუკი ვინმეა, ვისაც ესპანური ფეხბურთის აწმყოსა და მომავლის შესახებ ცოდნა აქვს, ეს მე ვარ."
,,ფეხბურთს 11 მოთამაშე თამაშობს. როგორც მოთამაშემ, ინტერპრეტაცია უნდა მოახდინო იმის, თუ რა მომენტში გარისკო. ფეხბურთელი ინტელიგენტი უნდა იყოს. მე მჭირდება მეკარე, რომელსაც თამაშზე გავლენის მოხდენა შეუძლია, რომელიც გამოსავალს მთავაზობს."
,,მე ნიჭის მოყვარული პიროვნება ვარ. არ მიყვარს მოთამაშეების შეზღუდვა. როდესაც ჩემი გუნდების თამაშს ნახავთ, მიხვდებით, რომ ყველა მოთამაშე თავის საკუთარ თამაშზეა კონცენტრირებული. ჩვენ ყველა მოთამაშისგან საუკეთესოს გამოვიყენებთ. გვაქვს იმის ბედნიერება, რომ ტალანტების სამჭედლო გვქონდეს. პაბლო ტორე ერთ-ერთი მათგანია და მე მასზე იმედს ვამყარებ."
,,სერხიო რამოსის შესახებ თქვენთან დებატების გამართვას არ ვაპირებ. რაც შეეხება ბუსკეთსს, მინდა, რომ მან ჩვენთან თამაში განაგრძოს. მას ჯერ კიდევ ბევრის მიცემა შეუძლია ესპანური ფეხბურთისთვის. ვეტერანებსაც და ახალგაზრდებსაც თანაბრად მივცემთ თავის გამოჩენის შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია ამ შემადგენლობით ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ და ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ."
,,მე გუნდში სიახლოვე მჭირდება. არ მინდა 48 მილიონი მწვრთნელი და 48 მილიონი გულშემატკივარი. მინდა 2010 წლის სიდიადე დავიბრუნოთ. მე ესპანელი ვარ და ეს ჩვენი გუნდია. ფეხბურთში ყველაფერზე შეიძლება ვარჯიში. პენალტები? რა თქმა უნდა ყველა არ არის პენალტის შესრულების ღირსი."
,,მე არ მაქვს სოციალური ქსელები, არ ვიყენებ მათ, მაგრამ გუშინ რამდენიმე ,,ინსტაგრამის" ანგარიში გამოჩნდა ჩემი სახელით. ყველაფერი რაც ესპანეთმა უნდა იცოდეს ჩემ შესახებ, მედიის საშუალებით იქნება გადმოცემული" - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკე შეცვალა. იგი ესპანეთის ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა და 19 და 21-წლამდელთა გუნდებთან ერთად ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული.