იტალიური გაზეთის, Tuttosport-ის ყოფილმა დირექტორმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი ძალიან აქო.
როგორც მან თქვა, კვარა დრიბლინგში ლიონელ მესიზე სწრაფი და კილიან მბაპეზე ტექნიკურია:
„ნაპოლის“ ქართველ გარემარბს რაღაც განსაკუთრებული აქვს: დრიბლინგს ისე აკეთებს, როგორც არავინ, რადგან ამის გაკეთება ორივე ფლანგიდან შეუძლია, მესისგან და მბაპესგან განსხვავებით. ორივე ფეხს თანაბარი სიმარტივით იყენებს. მეტოქის გასწრებისას აჩქარებაში მესიზე უკეთესია. კვარა მბაპეს ჩამოუვარდება სიჩქარით, მაგრამ დრიბლინგში უფრო ძლიერია. ბურთის დამალვის მაღალი უნარი აქვს, ვიდრე ფრანგს.
კვარაცხელიას თვისებები არც ათვისებადია და არც სხვებთან შესადარებელი. იმედი მაქვს, რომ ეს ბიჭი შეინარჩუნებს მენტალურ დისციპლინას სეზონის ბოლომდე. ტრავმისგან დაბრუნდა, მაგრამ თავისი ძალა უნდა შეინარჩუნოს, განსაკუთრებით მენტალური. ძალიან თავმდაბალი ბიჭია და ეს თვისებაც უნდა შეინარჩუნოს. შეუძლია თუ არა დიდი ფეხბურთელი გახდეს? კი, რადგან არ აქვს სუსტი ფეხი, ძალიან კარგია! ელოდები, რომ მარჯვნივ წავა და მარცხნივ მიდის და პირიქით“, - თქვა დე პაოლამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნაწილში „ნაპოლიში“ ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ სერია A-ს უახლოეს ტურში 4 იანვარს, სტუმრად მილანის „ინტერს“ შეხვდება, მანამდე კი 17 დეკემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.