აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მუნდიალის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ფეხბურთელის სახლში გაშვებას აპირებდა, The Athletic-მა კი დაადგინა, რომ ეს მოთამაშე ჯოვანი რეინა იყო.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გრეგ ბერჰალტერი აშშ-ში დაბრუნდა, მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსოფლიო თასის 26-კაციან შემადგენლობაში ჰყავდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მოლოდინებს ვერ ამართლებდა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გეგმავდა იმას, თუ რა მოეხერხებინა ამ მოთამაშისთვის.
,,ჩვენ მზად ვიყავით აშშ-ის ბილეთი დაგვეჯავშნა და მოთამაშე შინ გაგვეშვა, იმდენად რთულად იყო საქმე. ჩვენ მას ვუთხარით, რომ გუნდისთვის ბოდიში უნდა მოეხადა და ეს ბოდიში გულახდილი უნდა ყოფილიყო." - განაცხადა გრეგ ბერჰალტერმა.
The Athletic-მა განაცხადა, რომ გუნდმა ხმის მიცემის პროცესი აწარმოა, ,,დორტმუნდის" მოთამაშეს უნდა დაეტოვებინა თუ არა გუნდი. წყაროს ინფორმაციით, 13 მოთამაშე მის დარჩენას უჭერდა მხარს, 12 კი მის წასვლას. როგორც ირკვევა, ჯოვანი რეინა ვარჯიშებზე ძალიან ცოტას შრომობდა, მუნდიალის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში კი მოედანზე დასეირნობდა. გუნდი მისგან მეტს ელოდა და ამის გამო მსგავსი სიტუაცია შეიქმნა.
აშშ-ის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა მოახერხა, თუმცა 1/8 ფინალურ ეტაპზე ნიდერლანდებთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ჯოვანი რეინამ ტურნირის 4 მატჩში 53 წუთი ითამაშა.