ფეხბურთი

15:07 | 11.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა, "სიონი" - გავარდა

„სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. იმერულმა გუნდმა პლეი-ოფის დუელი ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ მოიგო და ელიტაში დაბრუნება ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა.

„სამტრედიამ“ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 1:0 მოიგო, მაგრამ ყველაფერ დღეს ბოლნისში გადაწყდა, სადაც სტუმრებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს მეტოქის დამარცხება - ამჯერად 2:0.

შეხვედრის გმირი სამტრედიელთა კამერუნელი ლეგიონერი სირილ ჩამბა გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. 27 წლის თავდამსხმელმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, ხოლო 74-ე წუთზე უკვე გიორგი კორიფაძის პასი გამოიყენა და ყველაფერს წერტილი დაუსვა. ორივე გოლი ეფექტური იყო, მაგრამ განსაკუთრებით პირველი, რომელიც ნებისმიერი რანგის თამაშს დაამშვენებდა - ბრწყინვალე გოლი გამოდგა.

ამრიგად, „სამტრედიამ“ ორი მატჩის ჯამში 3:0 იმარჯვა და 2023 წლის სეზონს ეროვნულ ლიგაში გაატარებს, ხოლო „სიონმა“ გადარჩენა ვერ შეძლო და ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდა.

პლეი-ოფის კიდევ ერთი მატჩი 12 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც „გაგრა“ „სპაერს“ ესტუმრება. პირველი მატჩი „გაგრამ“ შინ 2:0 მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ეროვნულ ლიგაში დარჩენისკენ.

„სიონი“ – „სამტრედია“ 0:2 (0:1) - ორი მატჩის ჯამში 0:3

გოლები: 0:1 ჩამბა (9), 0:2 ჩამბა (74)

0.113312