ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მე-7 ტურში „სენტრალ კოუსტ მერინერსს" შეხდა და 2:1 გაიმარჯვა.
ანგარიში ჯეტსმა მე-12 წუთზე გახსნა, ხოლო მასპინძლებმა მეორე ტაიმში გათანაბრება მოახერხეს. 66-ე წუთზე კი ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარ გუნდს მოაგებინეს, რადგან ბექა დარცმელიას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ბექა მიქელთაძე დახვდა და 25 წლის ფორვარდმა გოლი თავური დარტყმით გაიტანა.
ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და ჩვენებურებმა „ნიუკასლ ჯეტსს“ მორიგი 3 ქულა მოუტანეს. ამ გამარჯვებით „ჯეტსს“ 9 ქულა დაუგროვდა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა, ქართველების კლუბს სხვა გუნდებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ბექა მიქელთაძემ მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრა ჩაატარა და მეორე გოლი გაიტანა.