ფეხბურთი

23:48 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში: "არ ვნანობ, რომ რონალდუ ძირითადში არ დავაყენე"

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მაროკოსთან მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პორტუგალიის ამ თაობას ქვეყნისთვის ღირებული წარმატების მოტანის შანსი კიდევ ექნება.

„ჩვენთვის ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო, მაგრამ ვერ შევძელით. პირველ ტაიმში მაროკოს დაცვის გასახსნელად კრეატიულობა გვაკლდა, მეორე ტაიმში გავაუმჯობესეთ, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდით, გვინდოდა ბურთი საჯარიმომდე რაც შეიძლება სწრაფად მიგვეტანა. ეს თაობა ამით არ სრულდება და კიდევ ექნება შესაძლებლობა, რომ პორტუგალიური ფეხბურთისთვის რაიმე კარგი გააკეთოს. დარწმუნებული ვიყავით, რომ ფინალში გავიდოდით და გავიმარჯვებდით.

არ ვნანობ, რომ რონალდუ ძირითადში არ იყო. შვეიცარიასთან გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. კრიშტიანუ უდიდესი ფეხბურთელია და ის შემოვიდა, როცა მივხვდით, რომ ეს აუცილებელი იყო. არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას.

ახლა ჩემს მომავალზე საუბრის დრო არაა. ლისაბონში დავბრუნდებით და შევხვდები პრეზიდენტს, რომელთანაც განვიხილავ, რა არის უკეთესი პორტუგალიის ნაკრებისთვის“, - თქვა სანტუშმა.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიას 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, 2019 წელს კი ერთა ლიგა, მაგრამ ბოლო ორ მუნდიალსა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გუნდი წარუმატებლად გამოვიდა.

0.131142