ფეხბურთი

18:19 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილმა ამხანაგურ მატჩში "ბრენტფორდს" გაუტანა

საქართველოს ნაკრების და "ბორდოს" შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ, "ბრენტფორდის" წინააღმდეგ მატჩში გამოიჩინა თავი.



ფრანგული კლუბი მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის დროს საწვრთნელ შეკრებას გადის. ამჯერად კი "ბორდომ" ესპანეთში ამხანაგური მატჩი ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდის წინააღმდეგ გამართა.

ზურიკო დავითაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავი 24-ე წუთზე გატანილი გოლით გამოიჩინა. პირველ ტაიმში "ბორდოს" მხრიდან გოლი კიდევ ერთმა შემტევმა, ჯოშ მაიამ გაიტანა, საბოლოოდ კი შეხვედრა ფრანგული გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

"ბორდო" საწვრთნელ შეკრებას პორტუგალიაში განაგრძობს და 16 დეკემბერს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს "ბოავიშტას" წინააღმდეგ გამართავს. ლიგა 2-ის სეზონი კი 26 დეკემბერს განახლდება და ჟირონდელები „ლე ავრს“ შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ლიგა 2-ს 15 ტურის შემდეგ სწორედ „ლე ავრი“ ლიდერობს, რომელსაც მეორეადგილოსანი „ბორდო“ 4 ქულით ჩამორჩება.

დავითაშვილს „ბორდოს“ მაისურით მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული (სტატისტიკაში არ შედის ამხანაგური შეხვედრები) და 2 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.117941