არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალისტია და წინ ხორვატიასთან მატჩი ელოდება.
ლიონელ სკალონის გუნდმა ნიდერლანდებს პენალტების სერიაში აჯობა და უკვე ცხადია, რომ დრამატული მატჩი იყო, მაგრამ რაც პენალტებამდე მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გასცდა.
სწორედ ასეთი შეხვედრები უხდება მსოფლიოს ჩემპიონატს, მითუმეტეს პლეი-ოფს და მითუმეტეს, როცა არგენტინა და ნიდერლანდები ხვდებიან ერთმანეთს. უნდა ითქვას, რომ სამხრეთამერიკელებმა ევროპელებს თამაშით აჯობეს, გაცილებით მეტი საგოლე მომენტი შექმნეს და გაცილებით ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ნიდერლანდებიც ახლოს იყო სასწაულთან. სასწაულთან, რადგან თამაშის მიმდინარეობა ამ სიტყვის თქმის საფუძველს გვაძლევს.
არგენტინა ნაუელ მოლინას და ლიონელ მესის გოლებით 83-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა და ნიდერლანდები განწირული ჩანდა, რადგან მანამდე კარში ზუსტი დარტყმაც არ ჰქონდა. მესიმ პირველ გოლში დიდებული პასი გააკეთა, მერე პენალტით გაზარდა სხვაობა.
78-ე წუთზე მოედანზე ვაუთ ვეგორსტი გამოჩნდა და მან ნიდერლანდებს თამაში გადაურჩინა - ნიდერლანდელმა ფორვარდმა ჯერ თავური დარტყმით შეამცირა სხვაობა, მერე მსაჯის მიერ მეათე კომპენსირებულ წუთზე ძალიან ორიგინალურად გათამაშებული კომბინაცია დააგვირგვინა. ნიდერლანდებში კარში დასარტყმელი სტანდარტი ჰქონდა, მაგრამ ცოცხალ კედელში მყოფ ვეგორტს მისცეს პასი და მან ანგარიში გაათანაბრა. სხვათა შორის, ნიდერლანდებმა 120 წუთში კარის ჩარჩოში ორჯერ დაარტყა და ორჯერვე გაიტანა.
დამატებით დროში მოსაგებად უფრო არგენტინა თამაშობდა, რომელიც რამდენჯერმე იყო ახლოს გოლთან, მაგრამ ხან არაზუსტად დაარტყეს, ხან მეკარემ ითამაშა კარგად და ბოლო, 120-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა ბურთი სულაც ძელს გაარტყა.
პენალტების სერიაში კი ემილიანო მარტინესმა თქვა თავისი სიტყვა. არგენტინელმა მეკარემ ვირჯილ ვან დეიკისა და სტივენ ბერგუისის პირველი ორი დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს დიდი უპირატესობა მოუტანა. მართალია, მერე, როცა ენცო ფერნანდესმა კარს ააცილა, ვითარება ცოტა დაიძაბა, მაგრამ არგენტინამ სერიაში 4:3 მოიგო და მომდევნო ეტაპზეა.
13 დეკემბერს, პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინა და ხორვატია შეხვდებიან. ნიდერლანდების ნაკრები კი მუნდიალს, როგორც 2014 წელს, ახლაც დაუმარცხებელი დაემშვიდობა. მაშინაც (ოღონდ ნახევარფინალში) და ახლაც, ლუის ვან გაალის გაწვრთნილ ნიდერლანდებს არგენტინამ პენალტების სერიით გადაუღობა მუნდიალზე ფინალისკენ მიმავალი გზა.
ნიდერლანდები - არგენტინა 2:2 პენ: 3:4 (0:1)
ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“
ნიდერლანდები (3-4-1-2): ნოპერტი; ტიმბერი, ვან დეიკი, აკე; დუმფრისი, დე როონი (კუპმაინერსი 46), ფ. დე იონგი, ბლინდი (ლ. დე იონგი 64); დეპაი (ვეგორსტი 78); გაკპო (ლანგი 113), ბერგვაინი (ბერგუისი 46)
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
არგენტინა (3-5-2): ე. მარტინესი; რომერო (პეცელა 78), ოტამენდი, ლ. მარტინესი (დი მარია 112); მოლინა (მონტიელი 106), დე პაული (პარედესი 66), ფერნანდესი, მაკალისტერი, აკუნია (ტალიაფიკო 78); მესი, ალვარესი (ლაუტარო 81)
მწვრთნელი: ლიონელ სკალონი
გოლები: 0:1 მოლინა (35), 0:2 მესი (73, პენ), 1:2 ვეგორსტი (83), 2:2 ვეგორსტი (90)
პენალტების სერია: 0:0 ვან დეიკი (მეკარე), 0:1 მესი, 0:1 ბერგუისი (მეკარე), 0:2 პარედესი, 1:2 კუპმაინერსი, 1:3 მონტიელი, 2:3 ვეგორსტი, 2:3 ფერნანდესი (ააცილა), 3:3 ლ. დე იონგი, 3:4 ლაუტარო მარტინესი
გაფრთხილება: ტიმბერი (43), ვერგოსტი (45), დეპაი (76), ბერგუისი (88) - აკუნია (43), რომერო (45), ლ. მარტინესი (76), პარედესი (89), მესი (90), ოტამენდი (90), მონტიელი (109), პეცელა (112)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 15 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ანტონიო ლაოსი (ესპანეთი)