ფეხბურთი

20:04 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი: "ბრაზილიას ვაფასებთ, მაგრამ საკუთარ თავსაც, მაქსიმუმს გავაკეთებთ"

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ხორვატიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ხორვატმა სპეციალისტმა თქვა, რომ მეტოქე ფავორიტია, მაგრამ ხორვატიას უფრო მეტის მიღწევა უნდა, ვიდრე მეოთხედფინალია.

„მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონდა, თამაშები ძალიან მჭიდრო გრაფიკშია. სოსამ ივარჯიშა და ითამაშებს, ბევრ ცვლილებას არ ვაპირებთ. მეოთხედფინალში გასვლით დიდ წარმატებას მივაღწიეთ, დიდ ფავორიტს ვეთამაშებით, მზად ვართ, რთული თამაში გველოდება, მაგრამ ვეცდებით უფრო მეტს მივაღწიოთ.

ალბათ ეს ისეთივე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, როგორც საფრანგეთთან ფინალი იყო, ყველაზე რთული მეტოქე გვყავს, რაც აქამდე გვყოლია. შეიძლება ძალიან ადრე გვიწევს ბრაზილიასთან თამაში, ხანდახან ასე ხდება. ვფიქრობ, ხორვატია ერთადერთი პატარა ქვეყანაა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ წარმატებას მიაღწია. ეს მშვენიერია, მაგრამ აქ გაჩერება არ გვინდა და გამარჯვებას ვეცდებით.

ბრაზილია საუკეთესო, უსწრაფესი და ენერგიული გუნდია ამ ჩემპიონატზე, ბევრად მრავალფეროვანი, ვიდრე სხვა გუნდები. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ისინი ყველანაირი მეთოდით უტევენ, ზედმეტად გახსნილი ფეხბურთი რომ ვითამაშოთ, პრობლემები გვექნება, ამიტომ მჭიდროდ და გუნდურად უნდა ვითამაშოთ.

არ არის საჭირო იმაზე დიდი მოტივაცია, ვიდრე მეოთხედფინალში ბრაზილიასთან თამაშია. ეს ბიჭები ბავშვობაში ოცნებობდნენ ასეთ მატჩებზე. დასაკარგი არაფერი გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ ისე, როგორც შეგვიძლია. ხორვატიამ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ მეტი გვინდა. უკეთესი იქნებოდა ბრაზილია ჩვენი მეტოქე ფინალში ყოფილიყო.

2018 წლის ნაკრები? ახლა გუნდში 18 ახალი ფეხბურთელია და შედარება შეუძლებელია. ამ გუნდს აქვს პოტენციალი, მაგრამ დასამტკიცებელიც ბევრი აქვს. შეიძლება იყოს მსგავსი მატჩი, როგორიც არგენტინასთან 2018 წელს გვქონდა, თუმცა ის ჯგუფური ეტაპის თამაში იყო, ეს კი პლეი-ოფია. შეიძლება ნეიმარს ისე შევუვიწროვოთ სივრცეები, როგორც მესის, მაგრამ ახლა ნეიმარს თანაგუნდელებისგან უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ოთხი წლის წინ მესის“, - თქვა დალიჩმა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლუკა მოდრიჩმაც ილაპარაკა „იმედი მაქვს, რომ ტრადიცია შეიცვლება და ბრაზილიას პირველად დავამარცხებთ. მათ ყველა პოზიციაზე ფენომენალური ფეხბურთელები ჰყავთ. აგრესიულად თამაში მოგვიწევს, რომ მათ თავიანთი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მივცეთ. ბრაზილიის ნაკრები ფავორიტია, მაგრამ ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ყოველთვის ფავორიტები არ იგებენ. მეტოქეს ვაფასებთ, თუმცა საკუთარ თავსაც ვაფასებთ. მზად ვართ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რადგან მეტი გვინდა და დიდი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.

არ ვიცი, რატომ არის ხორვატია წარმატებული ფეხბურთში და არა მარტო ფეხბურთში. ნიჭიერი ბავშვები იბადებიან, საფეხბურთო სკოლებში კარგად მუშაობენ, სპორტი გვიყვარს. თუმცა ზუსტი პასუხის გაცემა მიჭირს.

ვინისიუსი შესანიშნავია და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარები რაღაც დეტალებით, რომ მისი განეიტრალება შევძლოთ. მოუთმენლად ველოდები ჩემს ყოფილ და ამჟამინდელ თანაგუნდელებთან თამაშს. თამაშამდე და თამაშის შემდეგ მეგობრები ვართ, მაგრამ მინდორზე ყველა საკუთარი ქვეყნისა და თავისთვის იბრძვის“, - აღნიშნა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და ხორვატიის მატჩი 9 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1204