ფეხბურთი

18:54 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე: "ეს ჩემი გუნდი არაა, ბრაზილიის ნაკრებია, ცეკვა ჩვენი კულტურის ნაწილია"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ხორვატიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დროა, რომ ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს.

„მოლოდინებით სავსე ვარ, მაგრამ მიზანზე ორიენტირებული. დროა ფინალში გავიდეთ და ჩემპიონები გავხდეთ. ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსამზადებლად დიდი დრო არ მქონდა, ახლა კი მომეცა საშუალება 4-წლიანი ციკლი დამესრულებინა. კარგი გუნდი ვართ და წარმატების მისაღწევად მინდა ჩემმა ფეხბურთელებმა ის გაიმეორონ, რაც აქამდე გააკეთეს. ვინც უკეთესი იქნება, ის გაიმარჯვებს.

ცეკვა? ეს ჩემი გუნდი არაა, ბრაზილიის ნაკრებია. ისტორიისა და კულტურის გაკვეთილებს ვერ ჩავატარებ თუ რატომ ვზეიმობთ ასე. ეს კულტურის ნაწილია, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს პატივს არ ვცემთ. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, უბრალოდ ფეხბურთელებთან გარკვეულ კავშირს ვგრძნობ. ყველაზე მთავარი ფეხბურთელები არიან, ჩვენ აქ მათ დასახმარებლად ვართ და მნიშვნელოვანია მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარება.

ალექს სანდრო? არ ვიცი ითამაშებს თუ არა, ვარჯიშის შემდეგ ვნახოთ, მაგრამ ნეიმარს მასზე უფრო სერიოზული ტრავმა ჰქონდა. პელე? საუკეთესოს ვუსურვებთ, პელე ყველა ჩვენგანისთვის შთაგონების წყაროა“, - აღნიშნა ტიტემ.

მატჩის წინ ასევე ისაუბრა ბრაზილიის ნაკრებიც მცველმა დანილომ: „შემდეგ ეტაპზე გასვლა მნიშვნელოვანია. ხორვატიის ნაკრებს ჰყავს შესანიშნავი გუნდი და ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ლუკა მოდრიჩი, ივან პერიშიჩი, მატეო კოვაჩიჩი, მარსელო ბროზოვიჩი არიან. ისინი მიჩვეულები არიან მნიშვნელოვანი მატჩების თამაშს. ვიცით ვის წინააღმდეგ ვითამაშებთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენს თამაშზე“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩი 9 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

0.126773