ფეხბურთი

16:46 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული დუელი მეოთხედფინალში: არგენტინისთვის ნიდერლანდები უხერხული მეტოქეა

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნამდვილი საფეხბურთო კლასიკა გველოდება - ნიდერლანდები არგენტინის წინააღმდეგ.

ისტორიას ამ გუნდების არაერთი მნიშვნელოვანი დუელი ახსოვს, მათ შორის, ფინალშიც, 1978 წელს, როცა არგენტინა ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდა. მიუხედავად ამისა, „ალბისელესტეს“ ნიდერლანდებთან კარგი წარსული არ აკავშირებს, თუმცა ამაზე ქვემოთ.

არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალამდე მივიდა, მაგრამ საკმაო არასტაბილურობით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი მატჩი მოიგო. საუდის არაბეთთან სტარტზე სენსაციურ წაგებას მექსიკასთან, პოლონეთსა და ავსტრალიასთან მოგებები მოჰყვა. მერვედფინალში ავსტრალიელებმა ლიონელ სკალონის გუნდს საკმაოდ გაუჭირდა და ბოლოს ორჯერ გადაურჩა გაშვებულ გოლს, თორემ შეიძლებოდა დამატებითი დრო დანიშნულიყო.

ნიდერლანდების ნაკრებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, თამაშის ხარისხს უწუნებენ, მაგრამ მეოთხედფინალამდე ისე მივიდა, რომ შეიძლება ითქვას, ძალები ბოლომდე არ გამოუჩენია, რადგან ამის საჭიროება არ ჰქონია. ჯგუფში ეკვადორს, კატარსა და სენეგალს აჯობა, მერვედფინალში აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო და მეოთხედფინალშია. ისიც უნდა ითქვას, რომ არც ნიდერლანდებს და არც არგენტინას მიმდინარე მუნდიალზე სერიოზული და ძალიან ძლიერი მეტოქე არ ჰყოლიათ, ასე რომ, ერთმანეთში გაარკვევენ რეალურ ძალასა და შესაძლებლობებს.

ნიდერლანდების ნაკრებში სტეფან დე ვრეის თამაშია საეჭვო, მაგრამ ეს ძნელი სათქმელია რამდენად იქნება სერიოზული დანაკლისი, რადგან „ინტერის“ მცველს ლუის ვან გაალი ისედაც არ ათამაშებდა და სათადარიგო სკამზე გაატარა მთელი მუნდიალი. არგენტინის ნაკრებში პაპუ გომესისა და როდრიგო დე პაულის თამაშია საეჭვო. გომესი უფრო ვერ, დე პაული კი უფრო - ითამაშებს. დაბრუნდა ანხელ დი მარია, რომელმაც ივარჯიშა და ძირითად შემადგენლობაში იქნება.

სტატისტიკა

ნიდერლანდების ნაკრები პირველი ეშელონის გუნდებში ერთადერთია (ალბათ პორტუგალიასთან ერთად), რომელსაც მუნდიალი არასდროს მოუგია. თუმცა, სამჯერ ფინალში დამარცხდა.

ნიდერლანდების ნაკრებს 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლოს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ჩეხეთთან დამარცხდა, რითაც იმ ტურნირს გამოეთიშა. ამრიგად, ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნების შემდეგ დაუმარცხებელია.

არგენტინის ნაკრებს მუნდიალი ორჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ბოლოს 1986 წელს. მას შემდეგ „ალბისელესტეს“ საუკეთესო შედეგი ფინალი იყო (ორჯერ 1990 და 2014 წლებში).

არგენტინამ მუნდიალის პირველ ტურში 1990 წლის შემდეგ პირველად წააგო. მაშინ მათ ფინალში გასვლა მაინც მოახერხეს.

არგენტინა მუნდიალს ბოლო 9 შემთხვევაში პლეი-ოფიდან ევროპული ნაკრების წინააღმდეგ მარცხით გამოეთიშა.

ნიდერლანდებს ბოლო სამი მეოთხედფინალი მოგებული აქვს (1998, 2010 და 2014 წლებში), ხოლო ამ ეტაპზე ერთადერთხელ გამოეთიშა ტურნირს, როცა 1994 წელს მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან წააგო.

არგენტინას ბოლო 4 მეოთხედფინალიდან სამი წაგებული აქვს და ეს ბარიერი 2014 წელს ბელგიასთან გამარჯვებით დაძლია (1998, 2006 და 2010 წლებში კი გავარდა). როცა არგენტინამ მეოთხედფინალი გადალახა (1986, 1990 და 2014), ფინალამდეც მივიდა.

ლუის ვან გაალს მუნდიალზე 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს (8 მოგება, 3 ფრე) და ამ თამაშსაც თუ არ წააგებს, ლუიშ ფელიპე სკოლარის რეკორდს გაიმეორებს, რომელმაც მუნდიალზე ზედიზედ 12 მატჩი არ წააგო.

არგენტინა და ნიდერლანდები აქამდე ერთმანეთს 9-ჯერ შეხვედრიან და ევროპელებს უპირატესობა აქვთ - 4 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება. აღსანიშნავია, არგენტინას ნიდერლანდები 90 წუთში არასდროს დაუმარცხებია. ის ერთადერთი მოგება 1978 წელს დამატებით დროში მოიპოვა.

კონკრეტულად მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს იქნება მათი მეექვსე თამაში. წინა 5 მატჩიდან არგენტინას ძირითად დროში ნიდერლანდები არ დაუმარცხებია. 1974 წელს ევროპელებმა 4:0 მოიგეს, 1978 წელს ფინალში არგენტინამ 3:1 მოიგო, ოღონდ დამატებით დროში, 1998 წელს მეოთხედფინალში დენის ბერგკამპის შედევრალური გოლით „ნარინჯისფრებმა“ იმარჯვეს 2:1, ხოლო ბოლო ორი თამაში უგოლოდ დასრულდა - 2006 წელს ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ნულოვან ფრეზე გაიყარნენ, 2014 წელს კი ნახევარფინალში გოლი 120 წუთში არ გავიდა, არგენტინამ კი პენალტების სერიაში მოიგო და ფინალში გააღწია.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები-არგენტინაზე ხშირად მუნდიალზე მხოლოდ ბრაზილია-შვედეთი (7-ჯერ) და არგენტინა-გერმანია (7) შეხვედრიან.

სავარაუდო შემადგენლობები

9 დეკემბერი, 23:00 საათი

ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“

ნიდერლანდები (3-4-1-2): ნოპერტი; ტიმბერი, ვან დეიკი, აკე; დუმფრისი, ფ. დე იონგი, დე როონი, ბლინდი; კლაასენი; გაკპო, დეპაი

არგენტინა (4-3-3): ე. მარტინესი; მოლინა, რომერო, ოტამენდი, აკუნია; ფერნანდესი, დე პაული, მაკალისტერი; დი მარია, მესი ალვარესი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113679