ორდღიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი მეოთხედფინალური ეტაპით განახლდება და პირველ შეხვედრაში ურთიერთობას ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებები გაარკვევენ.
„სელესაო“ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და ცხადია, წყვილშიც ფავორიტია, მაგრამ ხორვატიის ნაკრების ჩამოწერა მაინც ნაადრევი იქნება - ეს გუნდი მოქმედი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია და რაც მთავარია, მეოთხედფინალურ ეტაპზე არასდროს დამარცხებულა. ბრაზილია წინა მუნდიალს სწორედ ამ ეტაპზე დაემშვიდობა, ისევე, როგორც 2010 და 2006 წლებშიც მეოთხედფინალში გავარდა.
ბრაზილიელებმა ჯგუფიც დამაჯერებლად განვლეს და მერვედფინალიც, სადაც სამხრეთ კორეას 4:1 აჯობეს და პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როცა აზიელებს 4 გოლი გაუტანეს. ხორვატიამ უფრო რთული გზა განვლო, ჯგუფში მაროკოსა და ბელგიასთან ორი ნულოვანი ფრე ითამაშა, კანადას კი მოუგო. მერვედფინალში ზლატკო დალიჩის გუნდს იაპონიასთან ძალიან გაუჭირდა, აგებდა, მაგრამ საბოლოოდ პენალტების სერიაში დომინიკ ლივაკოვიჩის გმირობით, რომელმაც 3 პენალტი მოიგერია, გამარჯვება მოიპოვა.
ბრაზილიის ნაკრებს ტრავმების გამო ალექს ტელეში და გაბრიელ ჟეზუში ვერ დაეხმარებათ. ისინი არათუ ამ შეხვედრას, არამედ მთლიანად მუნდიალს გამოტოვებენ. ჯერჯერობით, საეჭვოა ალექს სანდროს თამაშიც, რომელსაც მეორე ტურის შემდეგ არ უთამაშია და ლაზარეთში იყო.
ხორვატიის ნაკრებს იოსიპ სტანიშიჩი ჰყავს ტრავმირებულია, ხოლო ბორნა სოსას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, ყველაფერი თამაშამდე უნდა გაირკვეს. სხვა მხრივ, გუნდებს საკადრო პრობლემები არ აქვთ.
სტატისტიკა
ხორვატიის ნაკრები მუნდიალზე მეექვსედ თამაშობს. 1998 წლიდან მოყოლებული, როცა ხორვატებმა მესამე ადგილი დაიკავეს, მხოლოდ 2010 წელს ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ხორვატიის გარეშე. წინა 5 შემთხვევიდან 3-ჯერ ხორვატია ჯგუფში ჩარჩა (2002, 2006, 2014), ორჯერ კი ჯგუფიდან გავიდა და ერთხელ ვერცხლის მედლები მოიპოვა (2018), ერთხელაც ბრინჯაოს (1998).
ბრაზილია ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს გამოუტოვებია და ტურნირიც ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ მოიგო. თუმცა, „სელესაოს“ ბოლო ტრიუმფი 2002 წლით თარიღდება და მას შემდეგ ბრაზილიის ნაკრები სამჯერ მეოთხედფინალში გავარდა (2006, 2010, 2018) და ერთხელ მეოთხე ადგილს დასჯერდა (2014).
ხორვატიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთამერიკულ ნაკრებთან 5-დან 4 მატჩი წააგო (მათ შორის, ორი მატჩი ბრაზილიასთან). გამონაკლისი იყო არგენტინასთან 3:0 გამარჯვება 2018 წლის მუნდიალზე.
მას შემდეგ, რაც ბრაზილიამ 2002 წლის მუნდიალის ფინალში გერმანია 2:0 დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში ევროპულ ნაკრებთან ბოლო ხუთი თამაში წააგო, მათ შორის სამი მეოთხედფინალურ ეტაპზე - 2006 წელს საფრანგეთთან, 2010 წელს ნიდერლანდებთან და 2018 წელს ბელგიასთან.
ხორვატიის ნაკრებმა დიდ ტურნირზე (მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატი) პლეი-ოფის ბოლო 8 მატჩიდან შვიდჯერ დამატებითი დრო ითამაშა. გამონაკლისი იყო 2018 წლის მუნდიალის ფინალი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ასეთი შემთხვევა იყო და ყოველთვის გავიდა მომდევნო ეტაპზე, მათ შორის სამჯერ პენალტების სერიით.
ბრაზილია ნახევარფინალში მეცხრედ გასვლას ეცდება და უკეთესი შედეგი მხოლოდ გერმანიას აქვს (12). ამავდროულად, ხორვატია, როცა მეოთხედფინალში იყო, ნახევარფინალშიც გავიდა (1998 და 2018 წლებში).
ხორვატიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩიდან ექვსში გოლი პირველმა გაუშვა. გამონაკლისი იყო მაროკოსა და ბელგიასთან თამაშები და ორივე 0:0 დასრულდა. იმ 6 თამაშიდან კი, რომელშიც გოლი პირველმა გაუშვა, მხოლოდ ერთი წააგო - 2018 წელს საფრანგეთთან ფინალი (2:4).
ბრაზილია და ხორვატია აქამდე ოთხჯერ შეხვედრიან. სამხრეთამერიკელები უპირატესობას ფლობენ - 3 მოგება, 1 ფრე. ორი თამაში ამხანაგურად შედგა, ორიც მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2006 წელს ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიამ 1:0 მოიგო, ხოლო 2014 წელს, ასევე ჯგუფში „სელესაომ“ 3:1 იმარჯვა.
სავარაუდო შემადგენლობები
9 დეკემბერი, 19:00 საათი
ალ რაიანი, „ედუქეიშენ სითი სთედიუმი“
ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა; კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი; კრამარიჩი, პეტკოვიჩი, პერიშიჩი
ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; მილიტაო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, დანილო; კაზემირო, პაკეტა; რაფინია, ნეიმარი, ვინისიუსი; რიშარლისონი