იტალიური „ნაპოლი“ თურქეთში შეკრებაზეა და დღეს სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადების პროცესში პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
ლუჩანო სპალეტის გუნდი თურქულ „ანტალიასპორს“ გაეჯიბრება და ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება. ქართველმა ფეხბურთელმა წელის ტრავმა მოირჩინა და შეკრების პირველივე დღიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.
იტალიური მედია წერს, რომ კვარაცხელია ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურება და თანაგუნდელთა შორის გამორჩეულია. სპალეტი კვარასთან ერთად შეტევაში ვიქტორ ოსიმენსა და მატეო პოლიტანოს ათამაშებს.
„ნაპოლისა“ და „ანტალიასპორის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. იტალიური გუნდი თურქეთში 15 დეკემბრამდე დარჩება და 11 დეკემბერს, „კრისტალ პალასს“ შეხვდება.
იტალიის სერია A 2023 წლის 4 იანვარს განახლდება და „ნაპოლი“ სტუმრად მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნაწილში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.