ფეხბურთი

1:07 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო რამოშის და პორტუგალიის ნაკრების შოუ

მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპიც დასრულდა და ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა - ბოლოს საუკეთესო რვა გუნდის რიგებს პორტუგალიის ნაკრები შეუერთდა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე შთამბეჭდავი თამაშით.

ამ ეტაპზე ინგლისიც დიდებული იყო და ბრაზილიაც, მაგრამ, რაც პორტუგალიის ნაკრებმა გვაჩვენა, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. თანაც, ლუზიტანელებს საკმაოდ მძიმე მეტოქე ჰყავდათ - შვეიცარია „კერკეტი კაკალია“, რაც წინა ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა, მაგრამ ფერნანდუ სანტუშის გუნდმა მისგან არაფერი დატოვა - 6:1!

კრიშტიანუ რონალდუ ზედიზედ 31 მატჩისა და ევრო 2008-ის შემდეგ (მაშინაც შვეიცარიასთან), პირველად არ იყო პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დიდი ტურნირის მატჩში (მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე). სანტუშმა მის ნაცვლად „ბენფიკას“ 21 წლის ფორვარდი გონსალო რამოში ათამაშა და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი.

გონსალო რამოშს დიდებული თამაში ჰქონდა - ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. ეს პირველი ჰეთ-თრიქია მიმდინარე მუნდიალზე. რამოშის გოლების გარდა, პორტუგალია ძალიან ლაღი და ლამაზი იყო. წესით, ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია პირველი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის რეალურად და ბოლომდე ბრძოლა.

აშკარაა, რომ გუნდი დიდებულ ფორმაშია და რესურსიც გააჩნია, რომ უფრო მოუმატოს, უფრო მომაკვდინებელი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, პლეი-ოფის სტადიაზე ასეთი შთამბეჭდავი თამაში ბევრი არ გვახსოვს. პორტუგალიისთვის ეს ისტორიაში სულ მესამე მეოთხედფინალია. ამ ეტაპზე მანამდე 1966 და 2006 წლებში იყო.

მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება და ეს მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება. რაც შეეხება სხვა წყვილებს: ბრაზილია-ხორვატია, ნიდერლანდები-არგენტინა, ინგლისი-საფრანგეთი.

პორტუგალია - შვეიცარია 6:1 (2:0)

ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“

პორტუგალია (4-3-1-2): დიოგო კოშტა; დალო, პეპე, რუბენ დიაში, გერეირო; ბერნარდო სილვა (ნევეში 81), კარვალიო, ოტავიო (ვიტინია 73); ბრუნო ფერნანდეში (ლეაუ 87); ჟოაო ფელიქსი (რონალდუ 73), რამოში (ჰორტა 73)

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

შვეიცარია (3-5-2): ზომერი; აკანჯი, შერი (კომერტი 46), როდრიგესი; ფერნანდეში, სოუ (სეფეროვიჩი 54), ჯაკა, ფროილერი (ზაკარია 54), ვარგასი (ოკაფორი 66); ემბოლო (იაშარი 89), შაქირი

მწვრთნელი: მურატ იაკინი

გოლები: 1:0 რამოში (17), 2:0 პეპე (33), 3:0 რამოში (51), 4:0 გერეირო (55), 4:1 აკანჯი (58), 5:1 რამოში (67), 6:1 ლეაუ (90)

გაფრთხილება: შერი (43), კომერტი (59)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 10 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: სესარ არტურო რამოსი (მექსიკა)

0.136962