ფეხბურთი

22:00 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერთფეროვანი ესპანეთი შინ, მაროკო - მეოთხედფინალში

მაროკოს ნაკრები მეოთხედფინალშია, ესპანეთი კი შინ ბრუნდება. მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ყველაზე მოულოდნელი შედეგი სწორედ ამ შეხვედრაში დაფიქსირდა, რომელშიც ესპანეთის ნაკრები ტრადიციისამებრ ბურთს ფლობდა, მაგრამ მომენტები ვერ შექმნა და დამარცხდა.

კოსტა რიკასთან 7:0 მოგების შემდეგ „ფურია როხა“ ბევრმა მუნდიალის მთავარ ფავორიტადაც შერაცხა, მაგრამ მერე იყო პრობლემური მატჩები გერმანიასა და იაპონიასთან, რამაც გამოაჩინა ლუის ენრიკეს გუნდის ნაკლოვანობები. გავიხსენოთ, რომ ესპანეთი წინა ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ მანამდე ძალიან გაუჭირდა, ჯერ ჯგუფიდან ძლივს გავიდა, მერე ხორვატიისა და შვეიცარიის ნაკრებებთან მარცხს ბეწვზე გადაურჩა - აშკარაა, რომ ესპანეთი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია.

120 წუთი ისე მიილია, რომ გოლი არ გასულა. არც ბევრი საგოლე მომენტი ყოფილა და ეს ლოგიკური შედეგი იყო. პენალტების სერიაში კი მაროკოელებმა ოთხიდან 3 დარტყმა გამოიყენეს, ესპანეთმა კი სამიდან ვერცერთი! პაბლო სარაბიამ ბურთი ძელს გაარტყა, კარლოს სოლერსა და სერხიო ბუსკეტსს მეკარე იასინ ბონომ აჯობა და მაროკომ თერთმეტმეტრიანების სერიაში 3:0 იმარჯვა.

ესპანეთი, მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (2010 წელს), მესამე მუნდიალია მერვედფინალს ვერ გაცდა - 2014 წელს ჯგუფში ჩარჩა, 4 წლის წინ და ახლა კი მერვედფინალში გავარდა. მანამდე იყო ევრო 2016-ზე ასევე მერვედფინალში მარცხი. ზოგადად, „ფურია როხა“ ბოლო სამ დიდ ტურნირს პენალტების სერიით გამოეთიშა - 2018 წელს რუსეთთან, 2021 წელს იტალიასთან და ახლა მაროკოსთან.

მაროკოს ნაკრები კი ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში და მეოთხე აფრიკული ქვეყანა გახდა კამერუნის (1990), სენეგალისა (2002) და განას (2010) შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. სხვათა შორის, მაროკოს მიმდინარე მუნდიალზე ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული, ისიც ავტოგოლი. არადა, საკმაოდ რთული გზა გაიარა - ხორვატია, ბელგია, კანადა და ესპანეთი. მაროკოს წინ 10 დეკემბერს, პორტუგალიასთან ან შვეიცარიასთან მატჩი ელოდება.

მაროკო - ესპანეთი 0:0 პენ: 3:0 (0:0)

ალ რაიანი, „ედუქეიშენ სთედიუმი“

მაროკო (4-3-3): ბონო; ჰაკიმი, აგერდი (ელ იამიქი 84), საისი, მაზრაუი (ატიატ-ალალი 82); უნაჰი (ბენუნი 120), ამრაბატი, ამალა (ჩედირა 82); ზიეში, ენ-ნესირი (საბირი 82), ბუფალი (ეზ აბდე 66)

მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; ლორენტე, როდრი, ლაპორტი, ალბა (ბალდე 98); გავი (სოლერი 63), ბუსკეტსი, პედრი; ფ. ტორესი (უილიამსი 75, სარაბია 118), ასენსიო (მორატა 63), დანი ოლმო (ანსუ ფატი 98)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

პენალტების სერია: 1:0 საბირი, 1:1 სარაბია (ძელი), 2:0 ზიეში, 2:0 სოლერი (მეკარე), 2:0 ბენუნი (მეკარე), 2:0 ბუსკეტსი (მეკარე), 3:0 ჰაკიმი

გაფრთხილება: საისი (90) - ლაპორტი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 14 (2) ბურთის ფლობა: 23%-77% კუთხურები: 0:8 თამაშგარე: 5:4

მსაჯი: ფერნანდო რაპალინი (არგენტინა)

0.120468