ფეხბურთი

21:54 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლივაკოვიჩის გმირობა: ხორვატიამ იაპონიას პენალტებში აჯობა

ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია და ტრადიციას აგრძელებს - ტრადიციას, რომლის მიხედვით, ხორვატია მუნდიალზე მერვედფინალში ყოველთვის გამარჯვებული რჩება.

ზლატკო დალიჩის გუნდმა, რომელიც მოქმედი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია იაპონია დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა. თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ იაპონიას გერმანიასა და ესპანეთთან შემთხვევით არ უმარჯვია, უფრო მეტიც, ძალიან ორგანიზებული და კარგად მომზადებული გუნდია, რომელსაც ხორვატიის დამარცხება და ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში გასვლა შეეძლო.

აზიელები იგებდნენ კიდეც - პირველი ტაიმის ბოლოს დაიზენ მაედამ ანგარიში გახსნა და ტაიმი იაპონიამ 1:0 მოიგო. თუმცა, უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა, რადგან მეორე ტაიმის სტარტზე ივან პერიშიჩმა ანგარიში გაათანაბრა. მერე გუნდების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა, არც ძირითად დროში და არც დამატებით დროში.

შედეგად, პირველად მიმდინარე მუნდიალზე პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც ხორვატიის ნაკრები გაცილებით დამაჯერებელი იყო და 3:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ იაპონიამ 4-დან მხოლოდ 1 პენალტი გაიტანა, ხორვატიამ პირიქით - ოთხიდან სამი. თუმცა, მატჩის გმირი ცალსახად დომინიკ ლივაკოვიჩი გახდა, რომელმაც 3 პენალტი მოიგერია და თავის გუნდს მეოთხედფინალში გაუძღვა.

ხორვატიამ სულ მესამედ ითამაშა მერვედფინალში და სამჯერვე გადალახა ეს ბარიერი. უფრო მეტიც, წინა ორ შემთხვევაში ხორვატიამ მუნდიალის სამეულში დასრულება მოახერხა, ვნახოთ, ამჯერად რამდენს მიაღწევს. მეოთხედფინალში დალიჩის გუნდს ბრაზილია ან სამხრეთ კორეა ელოდება.

იაპონიის ნაკრებისთვის კი ამჯერადაც მაქსიმუმი გამოდგა და როგორც 2010 წელს, ახლაც პენალტების სერიაში დამარცხდა (12 წლის წინ პარაგვაისთან), ხოლო 4 წლის წინ ამ ეტაპზე ბელგიასთან წააგო, როცა 2:0-ს იგებდა, მაგრამ მერე 3 გოლი გაუშვა. ნებისმიერ შემთხვევაში ჰაჯიმე მორიასუს გუნდი მხოლოდ ქებას იმსახურებს, ხუმრობა საქმე არაა, გერმანიის და ესპანეთის ძლევა, მათ ჯგუფში კი პირველი ადგილის დაკავება.

იაპონია - ხორვატია 1:1 პენ: 1:3 (1:0)

ალ ვაკრა, „ალ ჯანუბ სთედიუმი“

იაპონია (3-4-3): გონდა; ტომიასუ იოშიდა, ტანიგუჩი; იტო, ენდო, მორიტა (ტანაკა 106), ნაგატომო (მიტომა 64); დოანი (მინამინო 87), მაედა (ასანო 64), კამადა (საკაი 75)

მწვრთნელი: ჰაჯიმე მორიასუ

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, ბარიშიჩი; კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი; კრამარიჩი (პაშალიჩი 68), პეტკოვიჩი (ბუდიმირი 62, ლივაია 106), პერიშიჩი (ორშიჩი 106)

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

გოლები: 1:0 მაედა (43), 1:1 პერიშიჩი (55)

პენალტების სერია: 0:1 მინამინო (მეკარე), 0:1 ვლაშიჩი, 0:1 მიტომა (მეკარე), 0:2 ბროზოვიჩი, 1:2 ასანო, 1:2 ლივაია (ძელი), 1:2 იოშიდა (მეკარე), 1:3 პაშალიჩი

გაფრთხილება: კოვაჩიჩი (90), ბარიშიჩი (116)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 17 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ისმაილ ელფატი (აშშ)

0.108635