ქართველი კალათბურთელის, ბექა ბურჯანაძის ახალი კლუბის - ,,რეჯანას" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო მენეტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ქართველი კალათბურთელი იტალიურ კლუბს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, თუმცა მისი ,,რეჯანა" მიმდინარე სეზონში ძალიან არაეფექტურად გამოიყურება. გუნდს 9 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვს და ცხრილის მე-14 საფეხურზე იყოფება, ზუსტად გასავარდნი ზონის თავზე.
,,რეჯანამ" ბოლო მატჩი გუშინ ,,ტრიესტეს" წინააღმდეგ გამართა, რომელშიც ბექა ბურჯანაძემ 13 ქულა დააგროვა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა მისმა გუნდმა ეს შეხვედრაც წააგო.
იტალიურ კლუბს დროებით მენეტის ასისტენტი, ფედერიკო ფუკა ჩაიბარებს. მასიმილიანო მენეტი ,,რეჯანაში" 2011-2018 წლებში მუშაობდა, შემდეგ მან 5 წელი ,,ტრევიზოში" ჩაატარა, 2022 წელს კი კვლავ ,,რეჯანაში" დაბრუნდა და დღევანდელ დღემდე იქ მუშაობდა.