ფეხბურთი

12:08 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესი: გერმანიის წარუმატებლობა გვიჩვენებს, თუ რაოდენ რთულია მუნდიალზე თამაში

ავსტრალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ ლეო მესიმ არგენტინულ გამოცემას თავისი შეხედულებები გაუზიარა და მუნდიალის ფავორიტებზეც ისაუბრა.



,,ტურნირის დაწყებიდან მოყოლებული, ყველა მომენტით სიამოვნებას ვიღებ. ჩემი გამოცდილებით და ასაკით, უკვე ყველაფერს განსხვავებულად ვუყურებ.

ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ რთული მატჩი გველოდება, ისევე, როგორც ეს მთელს მსოფლიო ჩემპიონატზეა. ეს შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი მოთამაშეებით და მწვრთნელით.

ავსტრალიის ნაკრებთან მატჩს ვაკონტროლებდით, 2:0-ს ვიგებდით, თუმცა მათ არსაიდან გაგვიტანეს. ეს მსოფლიო თასია და სწორედ ასეთი მომენტები უნდა გადალახო, თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო. სიმართლე ის არის, რომ ბედნიერი ვარ. იმ თამაშის შემდეგ, რაც ჩვენ ვანახეთ, სიგიჟე იქნებოდა ანგარიში რომ გაეთანაბრებინათ.

რა თქმა უნდა, მთელ მუნდიალს თვალს ვადევნებ. კამერუნთან მარცხის მიუხედავად, დასაწყისიდანვე ვთქვით, რომ ბრაზილია ძალიან ძლიერი გუნდია. ასევე ერთ-ერთი ფავორიტია საფრანგეთიც. ესპანეთის ნაკრებს რაც შეეხება, იმის მიუხედავად, რომ იაპონიასთან დამარცხდნენ, ძალიან კარგად თამაშობენ და როდესაც ბურთს აკონტროლებენ, მთელ თამაშსაც საკუთარი კონტროლის ქვეშ აქცევენ. გერმანიის ნაკრების გამოვარდნა ძალიან გამიკვირდა, რადგან მათ კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ეს ფაქტიც აჩვენებს, თუ რაოდენ რთულია აქ თამაში." - განაცხადა მესიმ

არგენტინის ნაკრებმა მერვედფინალურ ეტაპზე ავსტრალია - 2:1 დაამარცხა და 1/4 ფინალში ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იქნება.

0.117194