ინგლისის ნაკრები მუნდიალის მეოთხედფინალში ვარჯიშით და ბურთის გორებით მივიდა.
გარეთ საუთგეიტის გუნდმა ჯერ ჯგუფური ეტაპი დაძლია ძალიან იოლად, ახლა მერვედფინალში სენეგალსაც მარტივად აჯობა - 3:0. ყველაფერი პირველი ტაიმის ბოლოს გადაწყდა, როდესაც ჯერ ჯორდან ჰენდერსონმა ანგარიში გახსნა, რასაც სულ მალე აფრიკელთა უხეში შეცდომა და ჰარი კეინის გოლი მოჰყვა. არადა, სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, სენეგალი მეტოქეს თითქოს ტოლს არ უდებდა და ინგლისს რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონა, მაგრამ გამოჩნდა კლასში უდიდესი სხვაობა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბუკაიო საკამაც გაიტანა და ყველაფერი ნათელი იყო. მერე ინგლისმა ცხადია ენერგია დაზოგა, მეტოქეს აღარ უტევდა და მხოლოდ მეოთხედფინალზე ფიქრობდა.
ინგლისის ნაკრების რეალური ძალაც სწორედ მომდევნო მატჩში უნდა გამოჩნდეს, რადგან პირდაპირ რომ ითქვას, „სამმა ლომმა“ მიმდინარე მუნდიალზე ძალიან მარტივი გზა გაიარა: სენეგალის ნაკრები საზომად ვერ გამოდგება, მითუმეტეს, აშშ-სა და ირანის ნაკრებები, ხოლო უელსთან თამაშზე საერთოდ არაფერი უნდა ითქვას, რადგან უელსი კატართან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე სუსტი გუნდი იყო. ვნახოთ, როგორ ითამაშებს ინგლისი საფრანგეთთან - ფაქტია, რომ ორივე გუნდს დიდი ამბიციები აქვს.
ხსენებული სუპერთამაში 10 დეკემბერს გაიმართება.
ინგლისი - სენეგალი 3:0 (2:0)
ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“
ინგლისი (4-3-3): პიკფორდი; უოკერი, სტოუნსი (დაიერი 76), მაგუაირი, შოუ; ჰენდერსონი (ფილიპსი 82), რაისი, ბელინგემი (მაუნთი 76); საკა (რაშფორდი 65), კეინი, ფოდენი (გრილიში 65)
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი
სენეგალი (4-4-1-1): ე. მენდი; საბალი, კულიბალი, დიალო, იაკობსი (ბალო-ტურე 85); დიატა (პ. სარი 46), სისი (გეიე 46), ნ. მენდი, ი. სარი; ნდიაიე (დიენგი 46); დია (დიედიუ 72)
მწვრთნელი: ალიუ სისე
გოლები: 1:0 ჰენდერსონი (38), 2:0 კეინი (45), 3:0 საკა (57)
გაფრთხილება: კულიბალი (76)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 10 (1) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: ივან ბარტონი (სალვადორი)