დანიურ „კოპენჰაგენში“ დავით ხოჭოლავას თანაგუნდელებს, კამილ გრაბარასა და მეთ რაიანს, როგორც ჩანს, მთლად ჯანსაღი კონკურენცია არ აქვთ.
ავსტრალიელმა მეკარემ არგენტინასთან მატჩში მეორე გოლი უხეში შეცდომის შედეგად გაუშვა, როცა ბურთი საჯარიმოში დაკარგა და ხულიან ალვარესმა ცარიელ კარში გაიტანა. ამ გოლს მისი თანაგუნდელი, პოლონელი კამილ გრაბარა სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით გამოეხმაურა და აშკარაა, რომ თანაგუნდელის შეცდომა ძალიან გაუხარდა.
„პოლიტიკა უნდა ყოფილიყო, რასაკვირველია“, - დაწერა გრაბარამ, რომელიც ასევე მუნდიალზეა, თუმცა პოლონეთის ნაკრებში მესამე მეკარის სტატუსი აქვს და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მუნდიალის წინ ბართოლომეუ დრონგოვსკიმ ტრავმა მიიღო, რომელიც კამილმა შეცვალა.
რაც შეეხება მის პოსტს - საქმე ისაა, რომ რაიანი „კოპენჰაგენს“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და თავიდან თამაშობდა კიდეც, მაგრამ შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და დანიური გუნდის კარს ბოლო დროს გრაბარა იცავდა. რაიანმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნა პოლიტიკურ მიზეზებს დაუკავშირა.
ამიტომაც, გრაბარამ ახლა ცინიკურად უპასუხა და გაახსენა, რომ ძირითადში ადგილი პოლიტიკური მიზეზებით არ დაუკარგავს. ზოგადად, ეს ფეხბურთელები სხვადასხვა ინტერვიუში ერთმანეთის მიმართ კრიტიკას არ ერიდებოდნენ და ნათელია, რომ ხოჭოლავას გუნდელებს ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა არ აქვთ.
სხვათა შორის, „კოპენჰაგენში“ მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა - გრაბარამ მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, რაიანმა 10, მაგრამ დანიის ჩემპიონს კიდევ ერთი გამოცდილი მეკარე ჰყავს - შვედეთის ნაკრების წევრი კარლ-იოჰან იონსონი, რომელიც მოედანზე 4-ჯერ გავიდა. მასაც დიდი გამოცდილება აქვს, თავის დროზე ფრანგული „გინგამის“ მთავარი მეკარე იყო და 2019-2021 წლებში „კოპენჰაგენშიც“ პირველი ნომერი გახლდათ.