სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:47 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დაირღვევა ტრადიცია? იაპონიას მერვედფინალი არასდროს მოუგია, ხორვატიას - არ წაუგია

მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მერვედფინალური მატჩი იაპონიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გაიმართება. ალბათ, ეს არის ამ სტადიაზე ყველაზე მოულოდნელი წყვილი, რადგან არავინ ელოდა, რომ იაპონია ე.წ „სიკვდილის ჯგუფში“ პირველ ადგილზე გავიდოდა.

ჰაჯიმე მორიასუს გუნდს თავიდან სათვალავში არავინ აგდებდა, მერე გერმანიასთან სენსაციურმა მოგებამ ამ გუნდის შანსები გაზარდა, მაგრამ ამას კოსტა რიკასთან წაგება მოჰყვა, რის გამოც იაპონია ისევ ყველამ ჩამოწერა. თუმცა, მესამე ტურში აზიელებმა ესპანეთი დაამარცხეს და ჯგუფში, სადაც გერმანია და ესპანეთი იყვნენ, 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ იაპონია პირველი ტაიმის შემდეგ ალემანებთანაც აგებდა და პირინელებთანაც, მაგრამ მეორე ნახევარში ორივეს დამარცხება მოახერხა. ამრიგად, იაპონიის ნაკრები მერვედფინალშია და 4 წლისწინანდელი შედეგის გაუმჯობესებას ეცდება.

2018 წელს იაპონია მერვედფინალში იყო, სადაც ბელგიასთან 2:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდა. ხორვატიასთან მორიასუს გუნდი ფავორიტი ნამდვილად არაა, მაგრამ არც უშანსოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ახლა საუკეთესო პერიოდი არ უდგას, ჯგუფიდანაც ხორვატები იოლად არ გასულან.

ხორვატიამ მაროკოსთან და ბელგიასთან უგოლოდ ითამაშა, მხოლოდ კანადის ნაკრებთან შეძლო გოლების გატანა, რომელსაც 4:1 აჯობა და 5 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

ხორვატია ამ მატჩს სრული შემადგენლობით ხვდება, ხოლო იაპონიას დისკვალიფიკაციის გამო კო იტაკურა ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, საეჭვოა ტაკეფუსა კუბოს თამაშიც. სხვა მხრივ, მორიასუს არჩევანი დიდი აქვს.

სტატისტიკა

იაპონიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 1998 წელს ითამაშა და მას შემდეგ მუნდიალი არ გამოუტოვებია. აზიელებმა მერვედფინალში გასვლა მეოთხედ მოახერხეს.

ხორვატიის ნაკრები მუნდიალზე მეექვსედ თამაშობს. 1998 წლიდან მოყოლებული, როცა ხორვატებმა მესამე ადგილი დაიკავეს, მხოლოდ 2010 წელს ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ხორვატიის გარეშე. წინა 5 შემთხვევიდან 3-ჯერ ხორვატია ჯგუფში ჩარჩა (2002, 2006, 2014), ორჯერ კი ჯგუფიდან გავიდა და ერთხელ ვერცხლის მედლები მოიპოვა (2018), ერთხელაც ბრინჯაოს (1998).

ხორვატიისთვის ეს მუნდიალზე მესამე მერვედფინალი იქნება და წინა ორ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავიდა - 1998 წელს რუმინეთი დაამარცხა (1:0), ხოლო 2018 წელს დანია (პენალტების სერიაში).

იაპონია მერვედფინალში მეოთხედაა და წინა სამ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა: 2002 წელს თურქეთთან დამარცხდა (0:1), 2010 წელს პარაგვაისთან (პენალტების სერიაში), ხოლო 2018 წელს ბელგიასთან (2:3).

იაპონია და ხორვატია აქამდე სამჯერ შეხვედრიან და სრული თანაფარდობაა: 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. ამ სამი დაპირისპირებიდან ორი მსოფლიოს ჩემპიონატზე შედგა და ორივე ჯგუფურ ეტაპზე - 1998 წელს ხორვატიამ 1:0 მოიგო, ხოლო 2006 წელს ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

5 დეკემბერი, 19:00 საათი

ალ ვაკრა, „ალ ჯანუბ სთედიუმი“

იაპონია (4-3-3): გონდა; ტომისაუ, ტანიგუჩი, იოშიდა, ნაგატომო; იტო, ტანაკა, მორიტ; დოანი, მაედა, კამადა

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა; კოვაიჩიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი; კრამარიჩი, ლივაია, პერიშიჩი

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118052