პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩესლავ მიხნიევიჩმა და ფეხბურთელმა არეკ მილიკმა საფრანგეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს. მილიკმა აღნიშნა, რომ კილიან მბაპეს შესაჩერებლად მოედანზე სკუტერი დასჭირდებათ, რადგან ამის გარეშე მისი დაწევა რთულია.
„ვეძებდი მათ სუსტ წერტილებს და ვერ ვიპოვე. თუმცა, ყველა გუნდს ეძლევა თამაშში შანსი და ყველა უშვებს შეცდომებს, ამიტომ ეს უნდა გამოვიყენოთ და გოლი გავიტანოთ“, - თქვა მიხნიევიჩმა.
„მბაპესგან თავის დასაცავად საჭიროა, რომ ძალიან სწრაფები ვიყოთ და სკუტერი დაგვჭირდება, რომ დავეწიოთ. ძნელია მის წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაში, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამიტომ გუნდურად მუშაობა მოგვიწევს. არ ვიცი, რაში გამომადგება ლიგა 1-ში თამაშის გამოცდილება, რადგან საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა ამ ჩემპიონატში არ თამაშობს. ჯგუფიდან გასვლა ჩვენი მიზანი იყო, მაგრამ გვინდა ახლა უფრო მეტს მივაღწიოთ. ზედმეტ ზეწოლას არ ვგრძნობთ, კარგად თამაში შეგვიძლია და ეს უნდა დავამტკიცოთ“, - თქვა მილიკმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებთა მატჩი 4 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.