მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და ნიდერლანდების ნაკრები პირველი მეოთხედფინალისტია.
ლუის ვან გაალმა ჯგუფური ეტაპიც იოლად დაძლია და პლეი-ოფის პირველი სტადიაც. შესაძლოა, თამაშის ხარისხი კრიტიკას მართლაც იმსახურებს და განვლილ ოთხ მატჩში არც უძლიერესი მეტოქე ჰყოლია, მაგრამ ფაქტია, ნიდერლანდები უკვე მეოთხედფინალშია და წინ თითქოს უხმაუროდ, მაგრამ დამაჯერებლად მიიწევს. რაც მთავარია, "ნარინჯისფრებს" მუნდიალზე ძალების ნახევარიც არ დაუხარჯავს - ამის საჭიროება უბრალოდ არ ჰქონია.
ნიდერლანდების ნაკრებმა მერვედფინალში აშშ-სთან მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როცა ორი ძალიან მსგავსი გოლი გაიტანა: ჯერ ანგარიში მემფის დეპაიმ გახსნა, მერე დელეი ბლინდიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. ორივე შემთხვევაში გადაცემა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოს ცენტრალურ ზონაში გაკეთდა და იქიდან ერთი შეხებით შემტევებმა გაიტანეს. საგოლე პასი ორჯერვე დენზელ დუმფრისმა გააკეთა.
არადა, აშშ-ს ნაკრები თითქოს გოლამდე კარგად ირჯებოდა და რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ კრისტიან პულიშიჩმა მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა.
მეორე ტაიმში ამერიკელებმა ჰაჯი რაიტის ფანტასტიკური გოლით სიტუაციის დაძაბვა მოახერხეს, მაგრამ დიდი ხნით ვერ, რადგან მალევე დუმფრისმა ორ საგოლე პასს გოლიც დაამატა და ვან გაალის გუნდმა 3:1 მოიგო.
ამრიგად, ნიდერლანდების ნაკრები მეოთხედფინალშია და ზოგადად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო დროს დიდებული სტატისტიკა აქვს: 2010 წელს ფინალში გავიდა, სადაც მხოლოდ დამატებით დროში წააგო ესპანეთთან, 2014 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ტურნირი დაუმარცხებელმა დატოვა და თამაში არც მიმდინარე მუნდიალზე წაუგია. 1998 წლის შემდეგ ნიდერლანდებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ძირითად დროში (დამატებით დროსა და პენალტების სერიას თუ არ ჩავთვლით) ერთადერთი თამაში აქვს წაგებული - 2006 წელს, მერვედფინალში პორტუგალიასთან (0:1). თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ნიდერლანდებმა ამ საუკუნეში მუნდიალი ორჯერ გამოტოვა (2002 და 2018 წლებში). სხვათა შორის, ლუის ვან გაალს მუნდიალზე 11 მატჩი არ წაუგია - 2014 წელს 7 თამაში და ახლა 4. აქვე ვთქვათ, რომ ნიდერლანდების ნაკრებს 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მას მერე, რაც გუნდს ვან გაალი დაუბრუნდა, თამაში არ წაუგია, ბოლო მარცხი ნიდერლანდებმა ევრო 2020-ის მერვედფინალში ჩეხეთთან განიცადა, როცა გუნდს ფრანკ დე ბური წვრთნიდა.
ნიდერლანდების ნაკრები მეოთხედფინალში არგენტინისა და ავსტრალიის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ნიდერლანდები - აშშ 3:1 (2:0)
დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“
ნიდერლანდები (3-4-1-2): ნოპერტი; ტიმბერი, ვან დეიკი, აკე (დე ლიხტი 90); დუმფრისი, დე როონი (ბერგვაინი 46), ფ. დე იონგი, ბლინდი; კლაასენი (კუპმაინერსი 46); გაკპო (ვერგოსტი 90), დეპაი (სიმონსი 82)
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
აშშ (4-3-3): ტერნერი; დესტი (იედლინი 75), ზიმერმანი, რიმი, რობინსონი (მორისი 90); მაკკენი (რაიტი 67), ადამსი, მუსა; ვეა (აარონსონი 67), ფერეირა (რეინა 46), პულიშიჩი
მწვრთნელი: გრეგ ბერჰალტერი
გოლები: 1:0 დეპაი (10), 2:0 ბლინდი (45), 2:1 რაიტი (76), 3:1 დუმფრისი (81)
გაფრთხილება: კუპმაინერსი (45), ფ. დე იონგი (87)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 17 (6) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: ვილტონ სამპაიო (ბრაზილია)