ფეხბურთი

19:05 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალი ისტორიის გადაწერისთვის იბრძოლებს, ინგლისს შეცდომის უფლება არ აქვს

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები სენეგალის ნაკრებს დაუპირისპირდება და წყვილში აშკარა ფავორიტის სტატუსი აქვს.

გარეთ საუთგეიტის გუნდმა ჯგუფში ასე თუ ისე, კარგი შთაბეჭდილება დატოვა, აშშ-სთან თუ ცუდი იყო, სამაგიეროდ, ირანსა და უელსს იოლად და ლაღი ფეხბურთით აჯობა. ინგლისის ნაკრებს შემადგენლობაში პრობლემები არ აქვს, საუთგეიტი ამჯერად რაჰიმ სტერლინგს ფილ ფოდენს ამჯობინებს, ხოლო ბუკაიო საკას - მარკუს რაშფორდს.

სენეგალის ნაკრებმა ისტორიაში მეორედ მოახერხა მუნდიალის პლეი-ოფში გასვლა და ეს ალიუ სისეს გუნდისთვის უკვე წარმატებაა, მითუმეტეს, რომ ტრავმის გამო სადიო მანე აფრიკის ჩემპიონს მუნდიალზე საერთოდ გამოაკლდა.

სენეგალმა ეკვადორთან გადამწყვეტი თამაში მოიგო და ჯგუფიდან 6 ქულით გავიდა, სადაც მხოლოდ ნიდერლანდებთან წააგო. რეალურად, სისეს გუნდი არც იმ შეხვედრაში მარცხს იმსახურებდა. სენეგალის ნაკრებში საკადრო პრობლემები არაა და ინგლისთან უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს.

სტატისტიკა

ინგლისმა ბოლო ორ დიდ საფეხბურთო ფორუმზე კარგად ითამაშა და წარმატებასაც მიაღწია: 2018 წელს მუნდიალზე ოთხეულში მოხვდა, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ფინალი წააგო. გარეთ საუთგეიტის გუნდმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 39 გოლი გაიტანა, რაც შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. „სამი ლომი“ საკვალიფიკაციო ტურნირში არ დამარცხებულა.

სენეგალი ისტორიაში მესამედ და მათ შორის ზედიზედ მეორედ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე. აფრიკელები 4 წლის წინ თუ ჯგუფში ჩარჩნენ, 2002 წელს ფურორი მოახდინეს და მეოთხედფინალამდე მივიდნენ, სადაც თურქეთთან წააგეს.

სენეგალს მერვედფინალში ერთხელ უთამაშია და 20 წლის წინ შვედეთის ნაკრები დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.

ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე აფრიკულ ნაკრებთან არასდროს წაუგია (4 მოგება, 3 ფრე). პლეი-ოფში კი აფრიკის წარმომადგენელს ერთადერთხელ, 1990 წელს შეხვდა და 3:2 მოიგო.

აფრიკულმა ნაკრებებმა პლეი-ოფში ევროპულ ნაკრებებთან 9-დან 8 მატჩი წააგეს, გამონაკლისი მხოლოდ სენეგალია, რომელმაც 2002 წელს შვედეთი დაამარცხა.

ინგლისის 2002-2006 წლების შემდეგ პირველად ეცდება მუნდიალის მეოთხედფინალში ზედიზედ მეორედ გასვლას. ინგლისს მერვედფინალში 7-ჯერ უთამაშია და ორჯერ ასპარეზობას გამოეთიშა (2010 წელს გერმანიასთან და 1998 წელს არგენტინასთან).

ინგლისისა და სენეგალის ნაკრებები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

4 დეკემბერი, 23:00 საათი

ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“

ინგლისი (4-3-3): პიკფორდი; უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ; რაისი, ჰენდერსონი, ბელინგემი; რაშფორდი, კეინი, ფოდენი

სენეგალი (4-3-3): ე. მენდი; საბალი, კულიბალი, დიალო, იაკობსი; პ. გეიე, ნ. მენდი, სისე; ნდიაიე, დია, სარი

0.116122