„დინამო თბილისმა“ შანსი ხელიდან არ გაუშვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა, ისტორიაში მე-19-ედ.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში „გაგრას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, რის შედეგადაც, „დინამო ბათუმს“ გადასწრების ყველა შანსი მოუკლა. თბილისელები პირველ ტაიმში დავით სხირტლაძის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმის შუაწელს ულად-ომარ იმრანმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მართალია, ცოტა ხანში მაქაცარიას გოლით „გაგრამ“ ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა, „დინამომ“ საქმე გამარჯვებამდე და ჩემპიონობამდე მიიყვანა.
პარალელურად, „დინამო ბათუმი“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ ფრეს დასჯერდა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ფანცულაიას გოლით იგებდა. იმერლებმა ირაკლი ბუღრიძისა და გიორგი არაბიძის გოლებით სიტუაცია შეცვალეს და დაწინაურდნენ, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მათე ვაწაძემ ანგარიში გაათანაბრა.
შედეგად, „დინამო თბილისმა“ პირველი ადგილი 80 ქულით დაიკავა და 3 ქულით აჯობა „დინამო ბათუმს“, რომელმაც 77 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედლები ერგო. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა საქართველოს ჩემპიონატი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო - „დინამო თბილისი“, „საბურთალო“ და „ზესტაფონი“.
დღესვე, ბოლნისის „სიონმა“ თბილისის „ლოკომოტივი“ 5:2 დაამარცხა, მაგრამ პლეი-აუტს თავი ვერ აარიდა, რადგან 36 ქულით მერვე ადგილზე გავიდა, ხოლო „გაგრამ“ სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა. ორივეს გადარჩენისთვის ბრძოლა პლეი-აუტში მოუწევს: „სიონის“ მეტოქე „სამტრედია“ იქნება, ხოლო „გაგრა“ „სპაერს“ დაუპირისპირდება.
სამაგიეროდ, ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა „თელავმა“, რომელმაც გასვლაზე „საბურთალო“ 1:0 დაამარცხა 39 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში დღეს „დილა“ და „სამგურალი“ დაუპირისპირდებიან და მესამე ადგილის, შესაბამისად, კონფერენს ლიგის საგზურის მფლობელის ვინაობა გაირკვევა.
„დინამო თბილისი“ – „გაგრა“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 სხირტლაძე (28), 2:0 იმრანი (66), 2:1 მაქაცარია (73)
„სიონი“ – „ლოკომოტივი“ 5:2 (3:1)
გოლები: 1:0 ასათიანი (10), 2:0 ფოცხვერია (14), 2:1 თავზარაშვილი (23), 3:1 დოობი (26), 4:1 ქოჩაკიძე (53), 5:1 უგრეხელიძე (64), 5:2 ბუშელაშვილი (65)
„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“ 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 ფანცულაია (35), 1:1 ბუღრიძე (43), 1:2 არაბიძე (67, პენ), 2:2 ვაწაძე (90)
„საბურთალო“ – „თელავი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ჯგერენაია (75, ა.გ)
1. | დინამო თბილისი | 36 | 24 | 8 | 4 | 73 | 29 | 44 | 80 |
2. | დინამო ბათუმი | 36 | 23 | 8 | 5 | 87 | 34 | 53 | 77 |
3. | სამგურალი | 35 | 15 | 12 | 8 | 55 | 41 | 14 | 57 |
4. | დილა | 35 | 16 | 8 | 11 | 45 | 35 | 10 | 56 |
5. | ტორპედო | 36 | 15 | 9 | 12 | 48 | 48 | 0 | 54 |
6. | საბურთალო | 36 | 13 | 8 | 15 | 51 | 49 | 2 | 47 |
7. | თელავი | 36 | 8 | 15 | 13 | 29 | 36 | -7 | 39 |
8. | სიონი | 36 | 8 | 12 | 16 | 38 | 60 | -22 | 36 |
9. | გაგრა | 36 | 9 | 9 | 18 | 36 | 57 | -21 | 36 |
10. | ლოკომოტივი | 36 | 1 | 5 | 30 | 28 | 101 | -73 | 8 |