ფეხბურთი

1:09 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარია მერვედფინალშია

სერბეთი და შვეიცარია წინა მუნდიალზეც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ შვეიცარიელებმა 2:1 იმარჯვეს და შემდეგ მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ, სერბები კი ჯგუფში დარჩნენ. ახლა ვითომ რევანშის დრო იყო? რევანში ალბათ ცოტა გადაჭარბებული სიტყვაა, მაგრამ თამაში კი ნამდვილ თრილერს დაემსგავსა. განსკუთრებით პირველი ტაიმი.

შვეიცარიელები ექს-ლივერპულელმა შერდან შაჩირიმ დააწინაურა, მაგრამ ექვს წუთში ინგლისური „ფულემის“ შემტევმა, შარშანდელი ჩემპიონშიფის საუკეთესო მეგოლემ, ალეკსანდარ მიტროვიჩმა გაათანაბრა.

მალევე „იუვენტუსის“ ვარსკვლავმა, დუშან ვლაჰოვიჩმა, უკვე სერბები დააწინაურა. თუმცა ტაიმის ბოლოს „შალკეს“ ბრელ ემბოლომ „გასახდელის გოლი“ გაიტანა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარიც შვეიცარიელთა შეტევებით დაიწყო და 48-ე წუთზე რემო ფროილერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ვითარება დაიძაბა, თუმცა სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა.

უკვე დამატებულ წუთებზე კი ემოციებმა ზღვარს გადააჭარბა. ვინ ვის ეძიძგილავებოდა, ძნელი გასარჩევი გახლდათ. თუმცა საბედნიეროდ ვნებები მალე ჩაცხრა. არგენტინელმა არბიტრმა, ფერნანდო რაპალინიმ ფეხბურთელებს ჯამში 9 ყვითელი ბარათი უჩვენა.

შვეიცარია მერვედფინალში პორტუგალიას შეხვდება.

სერბეთი - შვეიცარია 2:3

დოჰა. „სტადიონ 974“

0:1 შაჩირი (20), 1:1 მიტროვიჩი (26), 2:1 ვლაჰოვიჩი (35), 2:2 ემბოლო (44), 2:3 ფროილერი (48)

სერბეთი: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი, მილენკოვიჩი, ველკოვიჩი (გუდელი 55), პავლოვიჩი, ჟივკოვიჩი (რადონიჩი 78), ლუკიჩი, კოსტიჩი, სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩი (მაკსიმოვიჩი 67), ტადიჩი, ვლაჰოვიჩი (იოვიჩი 55), მიტროვიჩი

მწვრთნელი: დრაგან სტოიკოვიჩი

შვეიცარია: კობელი, შერი, აკანჯი, ვიდმერი, როდრიგესი, ჯაკა, ფროილერი, შაჩირი (ფერნანდესი 69), ვარგასი (ფასანხტი 83), სოუ (ზაქარია 69) , ემბოლო

მწვრთნელი: მურატ იაკინი

მსაჯი: ფერნანდო რაპალინი (არგენტინა)

გაფრთხილება: სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (47), პავლოვიჩი (56), გუდელი (81), მიტროვიჩი (82), მილენკოვიჩი (90+5), რაიკოვიჩი (66 მინდორს გარეთ); ვიდმერი (15), ვარგასი (34), ჯაკა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4(5)-7(5), ბურთის ფლობა: 53%-47%, კუთხურები: 2-0, თამაშგარე: 0-0

1. ბრაზილია 3 2 0 1 3 1 2 6
2. შვეიცარია 3 2 0 1 4 3 1 6
3. კამერუნი 3 1 1 1 4 4 0 4
4. სერბეთი 3 0 1 2 5 8 -3 1
0.12964