ურუგვაისა და განას სამსოფლიოჩემპიონატო უშუალო დაპირისპირება 2010 წლის მუნდიალიდან იღებს სათავეს. გახსოვთ ალბათ, აფრიკელთათვის საბედისწერო მეოთხედფინალი, როცა ლუის სუარესმა ბოლო წუთზე „ცარიელ კარში“ ხელით მოიგერია ბურთი, მსაჯმა პენალტი დანიშნა და ურუგვაელი გააძევა, მაგრამ განელებმა ვერ გაიტანეს. შემდეგ კი სამხრეთამერიკელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიმარჯვეს. მედიამ შემდეგ ამ ეპიზოდს „ეშმაკის ხელი“ უწოდა.
ამჯერადაც, გერმანელმა არბიტრმა, დანიელ ზიბერტმა, 21-ე წუთზე ურუგვაელთა კარში პენალტი დანიშნა და ისტორია თითქმის გამეორდა, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ასამოა გაიანმა კარს გადააცილა ბურთი, ამჯერად კი ანდრე აიუს სერხიო როჩეტმა აუღო.
მერე კი მოხდა ის, რაც ფეხბურთის დაუწერელი კანონია, ვერ გაიტან - გაგიტანენ. აქამდე ურუგვაი ტურნირზე ერთადერთი გუნდი გახლდათ, რომელსაც გოლის სიტკბო არ ეგრძნო, ამჯერად კი ბრაზილიური „ფლამენგოს“ ნახევარმცველმა, ჯორჯიან დე არასკაეტამ ექვსი წუთის ინტერვალში დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმი გაცილებით დაძაბული გამოდგა, განელები გააქტიურდნენ, გატანაც შეეძლოთ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ბოლო წუთები საერთოდ საგიჟეთს დაემსგავსა, ურუგვაელებმა შეიტყვეს, რომ პარალელურ მატჩში კორეელები პორტუგალიასთან 2:1 დაწინაურდნენ. ახლა ურუგვაელებს მხოლოდ ერთი გოლი სჭირდებოდათ მერვედფინალში გასასვლელად...
მაგრამ განა მედგრად დადგა. ჯგუფიდან ვერ გავიდა, მაგრამ ურუგვაის ნაწილობრივი სამაგიერო კი გადაუხადა.
სათადარიგოთა სკამზე ატირებული სუარესის ცრემლებმა საქმეს ვერ უშველა.
განა - ურუგვაი 0:2
ელ-ვაკრა. „ელ-ჯანუბი“
1:0, 2:0 დე არასკაეტა (26, 32)
21-ე წუთზე ანდრე აიუმ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
განა: ატი-ზიჯი, სალისუ, ბაბა, ამარტი, სეიდუ, პარტი, აბდულ სამედი, კუდუსი, უილიამსი, ჯორდან აიუ (სულემანა 46), ანდრე აიუ (ბუკარი 46)
მწვრთნელი: ოტო ადო
ურუგვაი: როჩეტი, ხიმენესი, ვარელა, ოლივერა, კოატესი, ბენტანკური (ვესინო 34), დე არასკაეტა, ვალვერდე, პელისტრი (დე ლა კრუსი 66), სუარესი (კავანი 66), ნუნიესი
მწვრთნელი: დიეგო ალონსო
მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)
გაფრთხილება: სულემანა (86), სეიდუ (90+9); ნუნიესი (20), სუარესი (60), კოატესი (87), ხიმენესი (90+10), კავანი (90+10)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4(3)-6(5), ბურთის ფლობა: 51%-49%, კუთხურები: 5-2, თამაშგარე: 2-2
1. | პორტუგალია | 3 | 2 | 0 | 1 | 6 | 4 | 2 | 6 |
2. | სამხრეთ კორეა | 3 | 1 | 1 | 1 | 4 | 4 | 0 | 4 |
3. | ურუგვაი | 3 | 1 | 1 | 1 | 2 | 2 | 0 | 4 |
4. | განა | 3 | 1 | 0 | 2 | 5 | 7 | -2 | 3 |