ფეხბურთი

18:58 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა - ავსტრალია: "ალბისელესტე" უმატებს და მერვედფინალში აშკარა ფავორიტია

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა არგენტინის ნაკრებმა საუდის არაბეთთან მარცხი მალევე დაივიწყა, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებები დამაჯერებლად დაამარცხა, შედეგად მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა და ავსტრალიის ნაკრებთან უდავო ფავორიტია.

ლიონელ სკალონის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თამაშიდან თამაშამდე მოუმატა, რაც არგენტინის ნაკრების ქომაგებს განსაკუთრებული იმედით ავსებს. არგენტინამ საუკეთესო თამაში ბოლო ტურში ჩაატარა და პოლონეთი ძალიან დაჩაგრა. ამდენად, ახლა სამხრეთამერიკელებისგან კიდევ უფრო მეტს ელოდებიან და რა შანსი აქვს ავსტრალიას, რთული სათქმელია.

გრეჰემ არნოლდის გუნდის მერვედფინალში გასვლას ბევრი არ ელოდა, მაგრამ საფრანგეთთან წაგების მერე ტუნისისა და დანიის ნაკრებები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ბურთების ბალანსის უარესი სხვაობით ჩამორჩა საფრანგეთის ნაკრებს, თორემ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის დარად 6 ქულა დააგროვა. ავსტრალია მუნდიალის მერვედფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა, პირველად 2006 წელს და მაშინ მომავალ ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან დამარცხდა.

არგენტინის ნაკრებში ანხელ დი მარიას თამაშია საეჭვოა და ყველაფერი მატჩის წინ გადაწყდება. სხვა მხრივ, სკალონის საკადრო პრობლემები არ აქვს, ისევე, როგორც ავსტრალიაც ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

სტატისტიკა

არგენტინის ნაკრებს მუნდიალი ორჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ბოლოს 1986 წელს. მას შემდეგ „ალბისელესტეს“ საუკეთესო შედეგი ფინალი იყო (ორჯერ 1990 და 2014 წლებში).

არგენტინამ მუნდიალის პირველ ტურში 1990 წლის შემდეგ პირველად წააგო. მაშინ მათ ფინალში გასვლა მაინც მოახერხეს.

ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდედ თამაშობს. დებიუტი 1974 წელს ჰქონდა, შემდეგ 2006 წელს ითამაშა და მას მერე ფინალური ეტაპი არ გამოუტოვებია. ჯგუფიდან სწორედ 2006 წელს გავიდა. ზოგადად, ავსტრალიას მუნდიალზე მხოლოდ 3 მატჩი აქვს მოგებული (იაპონიასთან 2006 წელს, სერბეთთან 2010 წელს და ტუნისთან 2022 წელს).

ავსტრალიის ნაკრებმა ტუნისთან გამარჯვებით მუნდიალზე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა (1 ფრე, 6 წაგება). აფრიკელებთან მოგებას კი დანიასთან გამარჯვებაც მიაყოლა.

არგენტინა და ავსტრალია აქამდე ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედრიან და სამხრეთამერიკელებს დიდი უპირატესობა აქვთ - 5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

3 დეკემბერი, 23:00 საათი

ალ რაიანი, „აჰმად ბინ ალი სთედიუმი“

არგენტინა (4-3-3): ე. მარტინესი; მოლინა, ოტამენდი, რომერო, ტალიაფიკო; მაკალისტერი, ფერნანდესი, დე პაული; მესი, ალვარესი, დი მარია

ავსტრალია (4-1-4-1): რაიანი; კარაჩიჩი, სუტარი, როულსი, ბეჰიჩი; მუი; ლეკი, ირვინი, მაკგრი, გუდვინი; დუკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115579