ფეხბურთი

1:12 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

იაპონია და ესპანეთი მერვედფინალში. გერმანია - შინ

იაპონიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. არადა, ჯგუფში ესპანეთი და გერმანია ჰყავდა. ორივეს მოუგო და ორი სენსაცია შემოგვთავაზა.

ესპანელებმა მე-11 წუთზე გახსნეს ანგარიში. უილიამსმა მარჯვენა ფრთიდან ასპილიკუეტას დაუგორა ბურთი, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა და მორატამ თავით გადაგზავნა სფერო კარის ბადეში.

იაპონელები ძირითადად პოზიციურ დაცვას და პრესინგს მიმართავდნენ, რაც ესპანელების წისქვილზე ასხმდა წყალს. მეორე ტაიმში კი კიდევ ერთი სენსაციის მოწმე გავხდით. სიუჟეტი აზიელების გერმანიასთან პორველი ტურის მატჩს დაემსგავსა. ამჯერადაც იაპონელებმა, ძალიან მალე, სამი წუთის ინტერვალში შეძლეს ორი ბურთის გატანა და დაწინაურება.

ჯერ შეცვლაზე შესულმა რიცუ დოანმა გაათანაბრა, შემდეგ კი სამ წუთში, აო ტანაკამ წინ გაიყვანა ამომავალი მზის შვილები. ეს გოლი ლამის გააუქმეს თავიდან - ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვაო, მაგრამ ვარ-ის ჩარევის შემდეგ, მაინც ჩათვალეს.

საინტერესო იყო პარალელური შეხვედრაც, სადაც კოსტა რიკა გერმანიას ხვდებოდა. იქაც ხან ერთი დაწინაურდა, ხან მეორე და ესპანეთი-იაპონიაც ბეწვის ხიდზე გადიოდნენ.

ერთიცაა, გაშვებული გოლების შემდეგ ესპანელებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ. თითქოს ინერტულები იყვნენ და პოზიციურად უტევდნენ. ალბათ პარალელურად მიმდინარე შეხვედრის ანგარიში იცოდნენ, სადაც გერმანია იგებდა და ამ შემთხვევაში ლუის ენრიკეს შეგირდები მაინც გადიოდნენ მერვედფინალში.

მოკლედ, იაპონიამ 2:1 გაიმარჯვა და ჯგუფიდანაც ეს ორი გუნდი გავიდა.

ახლა, მერვედფინალში, 5 დეკემბერს იაპონია ხორვატიას შეხვდება. 6-ში კი ესპანეთი - მაროკოს.

იაპონია - ესპანეთი 2:1

ერ-რაიანი. „ხალიფა“

0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)

იაპონია: გონდა, ნაგატომო (მიტომა 46), იტაკურა, იოშიდა, ტანიგუტი, ტანაკა (ენდო 87), მორიტა, იტო, კამადა (ტომიასუ 69), კუბო (დოანი 46), მაედა (ასანო 62)

მწვრთნელი: ჰაჯიმე მორიასუ

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა (კარვახალი 46), ტორესი, როდრი, ბალდე (ალბა 68), ბუსკეტსი, პედრი, გავი (ფატი 68), ოლმო, მორატა (ასენსიო 57), უილიამსი (ტორესი 57)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: ვიკტორ გომეში (სამხრეთ აფრიკა)

გაფრთხილება: იტაკურა (39), ტანიგუჩი (44), იოშიდა (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3(3)-5(2), ბურთის ფლობა: 17%-83%, კუთხურები: 0-2, თამაშგარე: 2-2

1. იაპონია 3 2 0 1 4 3 1 6
2. ესპანეთი 3 1 1 1 9 3 6 4
3. გერმანია 3 1 1 1 6 5 1 4
4. კოსტა რიკა 3 1 0 2 3 11 -8 3
0.121407