ბრაზილიის ნაკრებს მერვედფინალში თამაში განაღდებული აქვს, მაგრამ კამერუნთან მაინც მოედანზე გამარჯვებისთვის გავა, რადგან ეს ბრაზილიური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი თვისებაა.
„სელესაომ“ სერბეთსა და შვეიცარიას ისე მოუგო, რომ არათუ გოლი არ გაუშვა, არამედ კარში მეტოქეებს საერთოდ არ დაარტყმევინა. ასე რომ, ტიტეს გუნდის დაცვა მობილურად და სოლიდურად თამაშობს. სამხრეთამერიკელებს შვეიცარიასთან უფრო გაუჭირდათ, ვიდრე სერბეთთან, მაგრამ ნეიმარის არყოფნა იგრძნობა. ნეიმარი არც კამერუნთან იქნება და მის გარდა, ტრავმების გამო დანილო და ალექს სანდრო ვერ ითამაშებენ. შესაბამისად, ტიტეს ორივე ფლანგის ძირითადი მცველი დააკლდა. ბრაზილია ქულითაც გავა პირველ ადგილზე, მაგრამ რომც წააგოს, დიდი ალბათობით, ვერავინ აჯობებს. ამრიგად, პირველი პოზიცია პრაქტიკულად ჯიბეში აქვს.
კამერუნის ნაკრებისთვის ეს ბოლო შანსია, მაგრამ მიზერული - ჯერ როგორია ბრაზილიასთან აუცილებლად მოსაგები რომ გაქვს და მერე, პარალელური მატჩის შედეგზეც დამოკიდებული ხარ. „ლომებს“ მეკარე ანდრე ონანა ვერ დაეხმარება, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა რიგობერტ სონგმა გუნდიდან გააგდო და „ინტერის“ მეკარემ კატარი საერთოდ დატოვა. მას, როგორც წინა მატჩში, ახლაც დევის ემპასი შეცვლის.
სხვათა შორის, კამერუნის ნაკრებმა წინა ტურში სერბეთთან ქულით მუნდიალზე 8-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა, მაგრამ 9 თამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში არ მოუგია. ბოლოს ეს 2002 წელს გააკეთა, როცა მეორე ტურში საუდის არაბეთი სამუელ ეტო’ოს გოლით დაამარცხა.
სტატისტიკა
კამერუნისთვის ეს არის მუნდიალზე მერვე გამოჩენა. აფრიკელებმა წინა 7 შემთხვევიდან ჯგუფიდან გასვლა ერთადერთხელ, 1990 წელს მოახერხეს, როცა დიდი სენსაცია მოახდინეს და მეოთხედფინალამდე მივიდნენ. სხვა შემთხვევაში კამერუნის ნაკრები ჯგუფიდან არ გასულა.
კამერუნის ნაკრები წინა მუნდიალზე არ იყო, ხოლო 2010 და 2014 წლებში ჯგუფში ყველა მატჩი წააგო (6). ამრიგად, 2002 წლის შემდეგ, როცა საუდის არაბეთი 1:0 დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მოგებული არ აქვს და მას შემდეგ ზედიზედ 8 თამაშში მარცხდებოდა, სანამ სერბეთთან ქულას მოიპოვებდა.
ბრაზილია ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს გამოუტოვებია და ტურნირიც ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ მოიგო. თუმცა, „სელესაოს“ ბოლო ტრიუმფი 2002 წლით თარიღდება და მას შემდეგ ბრაზილიის ნაკრები სამჯერ მეოთხედფინალში გავარდა (2006, 2010, 2018) და ერთხელ მეოთხე ადგილს დასჯერდა (2014).
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 1998 წლის შემდეგ არ დამარცხებულა (16 თამაში), როცა ნორვეგიასთან 1:2 წააგო.
ბრაზილია და კამერუნი ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრიან „სელესაო“ დიდ უპირატესობას ფლობს - 5 მოგება, 1 წაგება. აფრიკელებმა სამხრეთამერიკელები 2003 წელს, კონფედერაციათა თასზე 1:0 დაამარცხეს.
ისინი ერთმანეთს ორჯერ მუნდიალზე შეხვდნენ: 1994 წელს ბრაზილიამ 3:0 მოიგო, ხოლო 2014 წელს - 4:1.
სავარაუდო შემადგენლობები
2 დეკემბერი, 23:00 საათი
ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“
კამერუნი (4:3-3): ეპასი; ფაი, კასტელეტო, ნკულუ, ტოლო; ჰონგლა, ანგისა, კუნდე; აბუბაკარი, ჩუპო-მოტინგი, ტოკო ეკამბი
ბრაზილია (4-3-3): ალისონი; მილიტაო, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ალექს ტელეში; კაზემირო, ბრუნო გიმარაეში, პაკეტა; ანტონი, გაბრიელ ჟეზუსი, ვინისიუსი