სხვა

23:39 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევნეპოლმა მომავალ სეზონში ტურს ჯირო ამჯობინა

ვუელტას და საგზაო რბოლებში მსოფლიო ჩემპიონმა, ბელგიელმა რემკო ევენეპოლმა გადაწყვიტა, მომავალ სეზონში ჯირო დ’იტალიაზე იასპარეზოს და ტურ დე ფრანსზე უარი თქვას.

22 წლის ველომრბოლმა სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც იტალიის ქალაქ ამალფის სანაპიროზეა გადაღებული, რომელიც ჯიროს მეექვსე ეტაპის მარშრუტშია შეტანილი. ის ნაპოლში დაიწყება და დასრულდება და გზად ამალფიში შეივლის.

„ჩაო ტუტი, ახლა იტალიაში ვარ, რათა გზები დავზვერო. 2023 წელს ჯიროზე გამოვალ. ეს განსაკუთრებული რბოლა იქნება, რადგან (მსოფლიო ჩემპიონის) ცისარტყელას ზოლიანი მაისურით ვიასპარეზებ“, - ამბობს ევენეპოლი, ვინც ამალფიშიც ცისარტყელას ზოლიან მაისურში გამოწყობილი ვარჯიშობს.

მის გუნდ „ქვიკ-ზტეპის“ შეფი პატრიკ ლეფევერი ყოველთვის ამბობდა, რომ ურჩევნია, დროზე რბოლების სპეციალისტი ევენეპოლი ტურ დე ფრანსზე 2024 წლამდე არ გამოვიდეს.

ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონმა განაცხადა, რომ ესპანეთში (ვუელტაზე) ტრიუმფის შემდგ, ყველა ელის, რომ მომავალ სეზონში ის ტურზე გამოვა. მაგრამ ბევრი რამ, ტურის და ჯიროს მარშრუტების განხილვის შემდეგ გადაწყდებოდა.

როგორც ყოველთვის, ჯირო მაისში გაიმართება, მის მარშრუტში კი სამი ეტაპი, დროზე რბოლაა (ჯამში 70.6 კილომეტრი), რაც ევენეპოლს მეტოქეებთან უპირატესობას მისცემს. ტურ დე ფრანსი კი ივლისში იმართება და მასში მხოლოდ ერთი დროზე რბოლაა (22 კილომეტრი).

ევენეპოლმა პირველად ველომარათონზე 2021 წელს იასპარეზა. მისი დებიუტი ჯიროზე შედგა, მაგრამ მე-17 ეტაპზე მომხდარი ავარიის შემდეგ, რბოლას გამოეთიშა. მისი მეორე ველომარათონი კი წლევანდელი ვუელტა იყო, რომელიც ტრიუმფით დაასრულა. მან ლიდერობა მეექვსე ეტაპზე იგდო ხელთ და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

1978 წლის შემდეგ ის პირველი ბელგიელი ველომრბოლია, ვინც ველომარათონის მოგება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115842