რაგბი

20:42 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ ‘იბერიანსისთვის’ ემზადება

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ერთთვიანი შესვენების შემდეგ, რაგბი ევროპის სუპერ თასი ნახევარფინალური შეხვედრებით გვიბრუნდება.

სუპერ თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული ‘შავი ლომი’ კვირას, 4 დეკემბერს ესპანურ ‘იბერიანსს’ 16 საათზე „ავჭალაზე“ ეთამაშება. ამავე დღეს მეორე ფინალისტი ლისაბონში გაირკვევა, სადაც ადგილობრივი ‘ლუზიტანუში’ ისრაელის ‘ჰითსს’ ჩვენი დროით 19 საათზე უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ნახევარფინალური ეტაპი ერთი მატჩისგან შედგება, სუპერ თასის მფლობელი კი 17, ან 18 დეკემბერს გამოვლინდება.

‘შავი ლომი’ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე ორშაბათს შევიდა და დღეიდან მზადების ინტენსიურ ეტაპზე გადავიდა. გუნდს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან გრიგორ ქერდიყოშვილი და თემო ჭიჭინაძე, რომელთაც გრძელვადიანი ტრავმები აქვთ. ტრავმირებულები არიან და სავარაუდოდ ფინალიც გაუცდებათ თორნიკე აქუბარდიას და გიორგი კერვალიშვილს. ტრავმა აქვს და ნახევარფინალმდე ვერ მომჯობინდება სანდრო თოდუა. რეაბილიტაციას გადის და ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ ვერა ლუკა ივანიშვილი. ასევე გაცივდა და ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობს ლაშა ხმალაძე.

არის მატებაც – ტრავმები მოიშუშეს და სრულყოფილად ვარჯიშობენ ნიკა ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე და სოსო მათიაშვილი.

„გუნდის ნაწილმა ნაკრებთან ერთად ნოემბრის ტესტ-მატჩებში მიიღო მონაწილეობა, დანარჩენები კი დიდი 10-ის კლუბებში იყვნენ და იქ მიიღეს სათამაშო გამოცდილება. სამწუხაროდ გვაქვს ტრავმები და რამდენიმე მოთამაშეს ნახევარფინალის გარდა ფინალის გამოტოვებაც მოუწევს. სანაკრებო დონის თამაშებიდან სუპერ თასზე გადართვას თან გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ახლავს ხოლმე, თუმცა ვმუშაობთ და იმედს ვიტოვებ 4 დეკემბრისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

სუპერ თასის გასული გათამაშების ნახევარფინალში ‘შავი ლომი’ ასევე ‘იბერიანსს’ შეხვდა. მაშინ გუნდებმა „ავჭალაზე“ უხვქულიანი თამაში შემოგვთავაზეს და ჩვენმა გუნდმა 43:40 იმარჯვა. მაისაშვილი იმედოვნებს, რომ წელს უპირატესობა უფრო სოლიდური იქნება:

„რაღაც ეტაპზე თამაშის სადავეები ხელიდან გაგვექცა, მეტოქემ იოლად შეძლო ქულების აღება და ის შეხვედრა უხვქულიანი ამის გამო გამოდგა. ვეცდებით უფრო აგრესიულები ვიყოთ დაცვაში და ნაკლები შეცდომები დავუშვათ. მაქვს პრეტენზია, რომ ‘იბერიანსთან’ დომინანტები ვიყოთ ყველა ასპექტში, როგორც ძალისმიერ, ასევე ღია თამაშში“.

RUGBY.GE

თეგებიშავი ლომი
0.117723