F ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს ჯგუფიდან გასვლის პოტენციური ფავორიტები, ხორვატია და ბელგია დაუპირისპირდებიან.
წილისყრის შედეგად ჩანდა, რომ ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი ყველას ექნებოდა, თუმცა ბელგიისა და ხორვატიის ნაკრებები ფავორიტებად მოიაზრებოდნენ. პირველი ორი ტურის გასვლის შემდეგ, ჯგუფში სიტუაცია ისე დალაგდა, რომ ამ გუნდებს შორის დამარცხებული შეიძლება ჯგუფში ჩარჩეს, რაც შეხვედრას კიდევ უფრო მეტ ინტერესს სძენს.
ხორვატიამ პირველ მატჩში ძალიან მოსაწყენი ფეხბურთი შემოგვთავაზა. მოქმედი ვიცე-ჩემპიონებისგან ალბათ უფრო მეტს ველოდით, ან იმდენს რამდენიც უკვე მეორე თამაშში ვნახეთ. ზლატკო დალიჩის გუნდმა ფეთქებად კანადის ნაკრებს 4 გოლი გაუტანა და ბოლო ტურის წინ თავი ქუდში არ აქვს, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ქულაც კი ეყოფა.
ბელგიის ნაკრებში ძალიან რთული ვითარებაა. ჯერ იყო და კანადასთან ისეთი მატჩი მოიგეს, რომლის მოგებასაც ალბათ, არ იმსახურებნდნენ. შემდეგ იყო მაროკოსთან მტკივნეული მარცხი, რასაც გუნდში დაპირისპირება და არეულობა მოჰყვა. ფეხბურთელები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. დე ბრუინი გუნდის ცუდ თამაშს ასაკს აბრალებს, ალდერვაირელდი შეტევის ცუდ თამაშს. როგორც გაირკვა, გასახდელში შეკამათებასაც კი ჰქონდა ადგილი და რომელუ ლუკაკუს მედიატორის როლი შეუთავსებია. ერთი სიტყვით, გუნდში ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ რთული მდგომარეობაა, ბელგიას კი 3 ქულის მოპოვება აუცილებლად დასჭირდება.
სტატისტიკა
ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 8 მატჩი აქვთ გამართული, საიდანაც 3-3 შეხვედრა მოგებით, 2 კი ფრედ დაასრულეს.
ბელგია მუნდიალებზე ძალიან გამოცდილია. კატარში ისინი მე-14 მსოფლიო ჩემპიონატს თამაშობენ, საუკეთესო შედეგს კი 4 წლის წინ, რუსეთში მიაღწიეს, როდესაც მესამე ადგილისთვის ინგლისს აჯობეს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ხორვატია მეხუთე მუნდიალს თამაშობს. 4 წლის წინ მათ თავიანთი პერფორმანსით ყველა გააოცეს, როდესაც ფინალში გავიდნენ და საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ.
ხორვატია ამ მატჩს 8-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება.
სავარაუდო შემადგენლობები
1 დეკემბერი, 19:00 საათი
ალ რაიანი, „აჰმედ ბინ ალი სთეიდიუმი“
ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი, იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა, კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, კრამარიჩი, ლივაია, პერიშიჩი.
ბელგია (3-4-2-1): კურტუა, კასტანი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, ტროსარი, ვიცელი, ტილემანსი, მუნიე, დე ბრუინი, აზარი, ლუკაკუ.