ფეხბურთი

1:16 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-მ ირანს აჯობა და მერვედფინალში ითამაშებს

აშშ-ს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია. გრეგ ბერჰალტერის გუნდმა ირანთან ფინალი ჰქონდა, სადაც მხოლოდ გამარჯვება გაიყვანდა ჯგუფიდან და მიზანს მიაღწია.

ამერიკელებმა თამაშის პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარეს და მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს. შედეგად, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს და 38-ე წუთზე რომ დაწინაურდნენ, სრულიად ლოგიკური იყო. ვესტონ მაკკენისა და სერჯინო დესტის ძალიან კარგი კომბინაციის შედეგად, კრისტიან პულიშიჩი ცარიელ კართან აღმოჩნდა და ზუსტად დარტყმა მოახერხა. სხვათა შორის, გოლის მომენტში „ჩელსის“ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ირანის ნაკრებს კი ფრეც ჰყოფნიდა, რომ ისტორიაში პირველად გასულიყო ჯგუფიდან, მაგრამ ამერიკელების დაცვას ვერაფერი მოუხერხა. კარლოს კეირუშის გუნდი განსაკუთრებით მატჩის მიწურულს გააქტიურდა და რამდენიმე შანსი მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, აშშ-ს ნაკრებმა 1:0 მოიგო და 5 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, აღსანიშნავია, რომ ბერჰალტერის გუნდმა სამ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და ისიც პენალტით. ირანი 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. ამავე ჯგუფში ინგლისმა უელსი 3:0 დაამარცხა და 7 ქულით პირველი ადგილი ერგო, ხოლო უელსმა, რომელმაც საშინელი მუნდიალი ჩაატარა, ერთადერთი ქულით ბოლო პოზიცია დაიკავა.

ამრიგად, ორი მერვედფინალური წყვილი უკვე ცნობილია - 3 დეკემბერს, ნიდერლანდების ნაკრები აშშ-ს შეხვდება, ხოლო 4 დეკემბერს, ინგლისი - სენეგალს.

ირანი - აშშ 0:1 (0:1)

დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“

ირანი (4-2-3-1): ბიერანვანდი; რეზაიანი, ჰოსეინი, პურალიგანჯი, მოჰამადი (კარიმი 45); ნოორალაჰი (ტორაბი 71), ეზატოლაჰი; გოლიზადე (ანსარიფარდი 77), ტარემი, ჰაჯსაფი (ჯალალი 71); აზმუნი (გოდოსი 46)

მწვრთნელი: კარლოს კეირუში

აშშ (4-3-3): ტერნერი; დესტი (მური 82), ვიკერსი, რეამი, რობინსონი; მაკკენი, ადამსი, მუსა; ვეა (ზიმერმანი 82), სარჟენტი (რაიტი 77), პულიშიჩი (აარონსონი 46)

მწვრთნელი: გრეგ ბერჰალტერი

გოლი: 0:1 პულიშიჩი (38)

გაფრთხილება: ჰოსეინი (77), კანაანი (84), ჯალალი (90) - ადამსი (43)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 11 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 1:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ანტონიო ლაოსი (ესპანეთი)

1. ინგლისი 3 2 1 0 9 2 7 7
2. აშშ 3 1 2 0 2 1 1 5
3. ირანი 3 1 0 2 4 7 -3 3
4. უელსი 3 0 1 2 1 6 -5 1
0.129955