ფეხბურთი

20:08 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთი 28-წლიანი პაუზის შემდეგ მერვედფინალში დაბრუნებას ეცდება

საუდის არაბეთისა და მექსიკის ნაკრებთა მატჩი დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ორივე გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს.

საუდის არაბეთმა მუნდიალი ტრიუმფალურად დაიწყო და არგენტინის ნაკრებს მოუგო, მაგრამ შემდეგ პოლონეთთან მარცხი განიცადა. თუმცა, ერვე რენარის გუნდმა პოლონელებთანაც გამართული და მაღალი კლასის თამაში აჩვენა და საგოლე მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინა, ნამდვილად არ დამარცხდებოდა. საუდელებმა პენალტიც ვერ გაიტანეს. აზიელები მექსიკასთან მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან ყველა შემთხვევაში გავლენ, მაგრამ შესაძლოა, წარმატებისთვის ფრეც ეყოთ, თუ არგენტინა დამარცხდება, ან პოლონეთი დიდი ანგარიშით წააგებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ამის იმედად არ უნდა იყვნენ და თავის თავზე არიან დამოკიდებული, ამიტომ 3 ქულისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.

მექსიკის ნაკრების აქტივში ჯერ ერთადერთი ქულაა და გოლიც არ გაუტანია. ტატა მარტინოს გუნდმა საწყის ორ ტურში საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, გაცილებით უარესი, ვიდრე საუდის არაბეთმა, ამიტომაც, დამსახურებულად აქვს ერთადერთი ქულა. ეგ კი არა, პოლონეთთან გილერმო ოჩოას პენალტი რომ არ მოეგერიებინა, ახლა მექსიკა დიდი ალბათობით უშანსოდ იქნებოდა. მექსიკამ არგენტინასთანაც შანსის გარეშე წააგო. მოკლედ, ჩრდილოამერიკელები ახლოს არიან ჯგუფში ჩარჩენასთან. მათი ერთადერთი შანსი გამარჯვებასა და პარალელურ მატჩში სასურველი შედეგის დაფიქსირებაშია, რაც რთული იქნება, მაგრამ ფაქტია, მექსიკას შანსი ჯერ კიდევ აქვს და საუდის არაბეთთან მიუხედავად ყველა ფაქტორისა, მაინც ფავორიტად მიიჩნევა.

საუდის არაბეთის ნაკრებს გადამწყვეტი მატჩის წინ დიდი დანაკლისი აქვს: ტრავმების გამო რიად შარაჰლილი, იასერ ალ შაჰრანი და კაპიტანი სალმან ალ ფარაჯი ვერ ითამაშებენ, ხოლო აბდულელაჰ ალ მალკი დისკვალიფიცირებულია. მექსიკის ნაკრებს კი ტრავმის გამო ანდრეს გუარდადო ვერ დაეხმარება.

სტატისტიკა

საუდის არაბეთს პლეი-ოფში ერთადერთხელ აქვს ნათამაშები - 1994 წელს, მერვედფინალში.

საუდის არაბეთისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-6 გამოჩენაა და ერთადერთხელ წააგო ყველა თამაში - 2002 წელს.

მექსიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-17-ედ მონაწილეობს და ბოლოს 1990 წელს, იტალიაში არ იყო. მას შემდეგ მექსიკელებმა ჯგუფიდან გასვლა ყოველთვის მოახერხეს, მაგრამ მერვედფინალში დამარცხდნენ. მექსიკა ბოლოს მეოთხედფინალში 1986 წელს იყო, როცა ტურნირის მასპინძელი იყო. ზოგადად, მექსიკის ნაკრებს საუკეთესო შედეგი სწორედ საშინაო მუნდიალებზე აქვს ნაჩვენები, 1970 და 1986 წელს - ორჯერვე მე-6 ადგილი.

მექსიკის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (1 ფრე, 3 წაგება) და ამ ოთხ მატჩში გოლიც არ გაუტანია. 2018 წელს მექსიკამ გერმანიას და სამხრეთ კორეას მოუგო, მას მერე კი მუნდიალზე გამარჯვებას ვერ ახერხებს.

საუდის არაბეთის ნაკრებს, სანამ 2018 წელს, ბოლო ტურში ეგვიპტეს დაამარცხებდა (2:1), მსოფლიოს ჩემპიონატზე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა (2 ფრე, 10 წაგება) და ამ 12 თამაშში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა და 39 გოლი გაუშვა. თუმცა, ეგვიპტესთან მოგებას წელს არგენტინასთან გამარჯვებაც მოჰყვა.

საუდის არაბეთს მუნდიალზე სულ 4 თამაში აქვს მოგებული და ორივე შემთხვევაში ზედიზედ ორჯერ გამარჯვება მოახერხა - 1994 წელს მიჯრით მაროკოსა და ბელგიასთან, ხოლო 2018 და 2022 წლებში (შესაბამისად, ბოლო და პირველ ტურში) ეგვიპტესა და არგენტინას აჯობა.

საუდის არაბეთი და მექსიკა აქამდე 5-ჯერ შეხვედრიან, 2-ჯერ ამხანაგურ მატჩში და სამჯერ კონფედერაციათა თასზე. ჩრდილოამერიკელთა უპირატესობა ძალზე დიდია - 4 მოგება, 1 ფრე. კონფედერაციათა თასზე მექსიკამ 1995 წელს 2:0 მოიგო, 1997 წელს 5:0, ხოლო 1999 წელს - 5:1.

სავარაუდო შემადგენლობები

30 ნოემბერი, 23:00 საათი

ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“

საუდის არაბეთი (4-1-4-1): ალ ოვაისი; აბდულჰამიდი, ალ-ამირი, ტამბაკტი, ალ-ბურაიკი; კანო; ალ-ბურაიკანი, ალ-აბედი, ალ-ნაჯეი, ალ-დავსარი; ალ-შეჰრი

მექსიკა (4-3-3): ოჩოა; სანჩესი, მორენო, მონტესი, გალიარდო; ერერა, ალვარესი, ჩავესი; ლოსანო, ხიმენესი, ვეგა

0.127829