ფეხბურთი

16:15 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანია-ავსტრალია: თამაში მერვედიფინალისთვის

მსოფლიოს ჩემპიონატის D ჯგუფში ავსტრალიისა და დანიის ნაკრებთა მატჩი გადამწყვეტია, მართალია, თეორიულად შესაძლებელია ჯგუფში ორივე ჩარჩეს და ტუნისი გავიდეს, მაგრამ ამის შანსი ძალიან დაბალია.

ავსტრალია უკეთეს ვითარებაშია, რადგან დანიელთა წინააღმდეგ სამიდან ორი შედეგი აწყობს - მოგება ან ფრე. ავსტრალიელებმა საფრანგეთთან 1:4 წააგეს, მაგრამ მერე ტუნისის ნაკრებს 1:0 აჯობეს და 3 ქულა დააგროვეს, ხოლო დანიის ნაკრებმა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ფურორით განვლო, მერე ერთა ლიგაზეც კარგად ითამაშა, მუნდიალზე მოლოდინი ჯერჯერობით ვერ გაამართლა და ორ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა. ტუნისთან იმედგამაცრუებელი უგოლო ფრის შემდეგ სკანდინავიელებმა საფრანგეთთან იბრძოლეს და ბოლოსკენ გაშვებული გოლით 1:2 წააგეს.

დანია უფრო გამოცდილი და გაცილებით მაღალი კლასის გუნდია, ვიდრე ავსტრალია, ამიტომაც, წყვილში ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ავსტრალიის ნაკრებიც ძალიან დიდი მოტივაციით ითამაშებს, რომ მერვედფინალში გავიდეს, პირველად 2006 წლის შემდეგ და ისტორიაში მეორედ. ამრიგად, ორივე გუნდისთვის ეს თამაში ფინალის ტოლფასია, იმ განსხვავებით, რომ ავსტრალია უფრო მომგებიან პოზიციაშია, ვიდრე მისი მეტოქე.

საფრანგეთთან მატჩი გამოტოვა სიმონ კიაერმა, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ სავარაუდოდ, დანიელთა კაპიტანი გადამწყვეტი მატჩისთვის დაბრუნებას მოახერხეს და ვიქტორ ნილსონის ადგილს დაიკავებს. სხვა მხრივ, დანიის ნაკრებში საკადრო პრობლემები არ არის, ისევე, როგორც ავსტრალიელთა ბანაკში.

სტატისტიკა

დანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს და საუკეთესო შედეგი 1998 წელს საფრანგეთში გამართულ მუნდიალზე აჩვენა, როცა მეოთხედფინალში გავიდა. 1986, 2002 და 2018 წლებში მერვედფინალში დამარცხდა, 2010 წელს კი ჯგუფში ჩარჩა.

დანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (4 ფრე, 1 წაგება), ბოლოს პერუ დაამარცხა (1:0, 2018 წელს). მუნდიალის ერთ მატჩში ერთზე მეტი გოლი კი ბოლოს 2010 წელს, კამერუნის წინააღმდეგ გაიტანა, როცა 2:1 იმარჯვა. მას შემდეგ 7 მატჩია დანიის ნაკრებს მუნდიალის შეხვედრაში ან გოლი საერთოდ ვერ გააქვს, ან მხოლოდ 1 გოლს სჯერდება.

ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდედ თამაშობს. დებიუტი 1974 წელს ჰქონდა, შემდეგ 2006 წელს ითამაშა და მას მერე ფინალური ეტაპი არ გამოუტოვებია. ჯგუფიდან სწორედ 2006 წელს გავიდა. ზოგადად, ავსტრალიას მუნდიალზე მხოლოდ 3 მატჩი აქვს მოგებული (იაპონიასთან 2006 წელს, სერბეთთან 2010 წელს და ტუნისთან 2022 წელს).

ავსტრალიის ნაკრებმა ტუნისთან გამარჯვებით მუნდიალზე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა (1 ფრე, 6 წაგება). ის ერთადერთი ფრე სწორედ დანიის ნაკრებთან ჰქონდა 4 წლის წინ, როცა ერიკსენის გოლი იედინაკმა პენალტით გაქვითა.

დანია და ავსტრალია ერთმანეთს აქამდე 4-ჯერ შეხვედრიან. 2007, 2010 და 2012 წლებში ისინი სამჯერ ამხანაგურ თამაშში დაუპირისპირდნენ და ორჯერ დანიამ მოიგო, ერთხელ ავსტრალიამ. 2018 წლის 21 ივნისს კი მათი გზები მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა და ფრე დაფიქსირდა - 1:1.

სავარაუდო შემადგენლობები

30 ნოემბერი, 19:00 საათი

ალ ვაკრა, „ალ ჯანუბ სთედიუმი“

ავსტრალია (4-5-1): რაიანი; კარაჩიჩი, სუტალი, როვლესი, ბეჰიჩი; ლეკი, ირვინი, მუი, მაკგრი, გუდვინი; დუკი

დანია (3-4-3): შმეიხელი; ანდერსენი, კიაერი, ა. კრისტენსენი; რ. კრისტენსენი, ჰოიბერგი, ერიკსენი, მეჰლე; სკოვ ოლსენი, ოლბერგი, დამსგორი

0.148931