ფეხბურთი

1:10 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია მერვედფინალშია, ურუგვაი გოლის გარეშე

პორტუგალიის ნაკრები მესამე მერვედფინალისტია საფრანგეთისა და ბრაზილიის შემდეგ. ლუზიტანელებმა მეორე ტურში ურუგვაი 2:0 დაამარცხეს და ჯგუფიდან გასვლა უკვე გაინაღდეს.

ფერნანდუ სანტუშის გუნდმა მძიმედ მოთამაშე ურუგვაის აჯობა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. თუმცა, სამხრეთამერიკელებსაც ჰქონდათ მომენტები. მაგალითად, ჯერ კიდევ პირველ ტაიმში როდრიგო ბენტანკურმა ითამაშა დიდებულად და მეკარესთან პირისპირ სოლორეიდის შედეგად გავიდა, მაგრამ მეკარეს ვეღარ აჯობა. სამხრეთამერიკელებს 0:1-ზეც ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა მაქსი გომესმა ბურთი ძელს მოარტყა, ლუის სუარესმა არაზუსტად დაარტყა.

თუმცა, მთლიანობაში პორტუგალია უფრო მაღალი კლასის და უფრო ორგანიზებული გუნდი იყო, ამიტომაც, 3 ქულა ლოგიკურად მოიპოვა. ბრწყინვალე ფორმაშია ბრუნო ფერნანდეში, რომელმაც წინა ტურში გაკეთებულ 2 საგოლე პასს ამჯერად 2 გოლი დაუმატა და დუბლით პორტუგალია მერვედფინალში გაიყვანა, სადაც დიდი ალბათობით პირველი ადგილით გავა და ბრაზილიას მერვედფინალში არ დაუპირისპირდება.

ურუგვაის ნაკრები კი ორ ტურში ერთადერთი ქულით იწონებს თავს და ჯერ გოლიც არ გაუტანია. „სელესტეს“ მესამე ტურში განასთან მოუწევს თამაში და თუ მოიგებს, ალბათ ჯგუფურ ეტაპს დაძლევს (თუ პორტუგალია სამხრეთ კორეასთან არ წააგებს). თავის მხრივ, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში განა ყველაზე კარგ ვითარებაშია, რადგან ბოლო ტურში მიზნის მისაღწევად ქულაც ეყოფა და რაც მთავარია, განვლილ ორ ტურში ურუგვაისა და სამხრეთ კორეაზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.

პორტუგალია - ურუგვაი 2:0 (0:0)

ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“

პორტუგალია (4-3-3): დიოგო კოშტა; კანსელუ, რუბენ დიაში, პეპე, მენდეში (გერეირო 42); ბერნარდო სილვა, კარვალიო (პალინია 82), ნევეში (ლეაო 69); ბრუნო ფერნანდეში, რონალდუ (რამოში 82), ჟოაო ფელიქსი (ნუნიეში 82)

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

ურუგვაი (4-3-3): როჩეტი; ხიმენესი, გოდინი (პელისტრი 62), კოატესი, ოლივერა (ვინა 86); ვალვერდე, ბენტანკური, ვესინო (დე არასკაეტა 62); ვარელა, კავანი (სუარესი 72), ნუნიესი (გომესი 72)

მწვრთნელი: დიეგო ალონსო

გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (54), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (90, პენ)

გაფრთხილება: ნევეში (38), ჟოაო ფელიქსი (77), რუბენ დიაში (89) - ბენტანკური (6), ოლივერა (44)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 11 (3) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ალირეზა ფაგანი (ირანი)

1. პორტუგალია 2 2 0 0 5 2 3 6
2. განა 2 1 0 1 5 5 0 3
3. სამხრეთ კორეა 2 0 1 1 2 3 -1 1
4. ურუგვაი 2 0 1 1 0 2 -2 1
0.116888